18 ნოემბერი 2024,   03:51
ვრცლად
პარტიული კვოტები თუ პოლიტიკური პერსონები?! - ოპოზიცია შეხვედრის მოლოდინში

პარტიული კვოტები თუ პოლიტიკური პერსონები - შესაძლოა, ოპოზიციას გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ არჩევანის ზღვარზე მოუწიოს. დღეს ოპოზიციონერ ლიდერებს იმის მტკიცება კიდევ ერთხელ მოუხდათ, რომ ერთი მიზნისთვის გაერთიანებულ მრავალფეროვან პარტიებს გამარჯვების სტრატეგიაც ერთი აქვთ. "ევროპულ საქართველოში" ამბობენ, რომ 6 ოლქის გადანაწილებისას დაცული უნდა იყოს მრავალპარტიულობის პრინციპიც და არჩევანიც ისეთ კანდიდატებზე შეაჩერონ, რომელთაც გამარჯვების მეტი შანსი ექნებათ.

"ახალი საქართველოს" ლიდერისთვის გიორგი ვაშაძისთვის კვოტებზე აპელირება მიუღებელია. თუმცა ამბობს, რომ მთავარი ოპოზიციური ერთობის შენარჩუნებაა. ვაშაძე ამბობს, რომ კანდიდატებად ოპოზიციური ფლანგიდან სწორედ ისინი უნდა შეარჩიონ, ვისაც მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პოლიტიკურ ოპონენტებს შეახსენეს, რომ დარჩენილი 6 ოლქის გადანაწილებისას მიზანი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხება უნდა იყოს და არა საპარლამენტო მანდატებისთვის ბრძოლა. პარტიაში უკვე შეთანხმდნენ ვინ იქნება მათი წარმომადგენელი სამგორსა და გლდანში. სახელებსა და გვარებს ჯერ არ აკონკრეტებენ, თუმცა, არსებული ინფორმაციით, საუბარია ზაალ უდუმაშვილისა და ნიკა მელიას კანდიდატურებზე. პარტიას დღეს ამომრჩევლებისთვის იმის ახსნაც მოუწია, თუ რატომ დათმეს 8 ოლქიდან 6-ში პოზიციები. ლიდერები ამბობენ, რომ ამით ხმები კი არ დაკარგეს, პირიქით, ხელი შეუწყეს მრავალპარტიულ წარმომადგენლობას თბილისში.

ეყოლება თუ არა საკუთარი კანდიდატი დედაქალაქში, არ აქვს გადაწყვეტილი ნინო ბურჯანაძეს. ისიც ოპოზიციის შეხვდრის მოლოდინშია. "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ამბობს, რომ კოორდინაცია არსებობს და დედაქალაქში საერთო კანდიდატებზე შეთანხმებას შეძლებენ. "თბილისში კონსოლიდაცია, რეგიონებში კონკურენცია" - ლიდერები ამბობენ, რომ ეს მათი გამარჯვების ფორმულაა.

პოლიტიკურ გაერთიანება "ლელოში" ამ დრომდე ფიქრობენ, დედაქალაქის ორ ოლქში ოპოზიციის პარტნიორები იქნებიან თუ კონკურენტები. პარტიაში ასეთ მოცემულობასაც არ გამორიცხავენ და კვლავ კონსულტაციების რეჟიმში არიან.

ხელისუფლების წარმომადგენლები კი ფიქრობენ, რომ ოპოზიციურ ერთობას ბზარი უკვე გაუჩნდა და ოპონენტების შანსებს მოსახლეობის მაქსიმუმ 40 პროცენტიანი მხარდაჭერით საზღვრავენ, საკუთარ გამარჯვებაში კი დარწმუნებულები არიან.

ვინ რამდენს ითხოვს და ვინ თმობს და როგორი იქნება ოპოზიციის წინასაარჩევნო არითმეტიკა - უახლოეს დღეებში გაირკვევა, როცა ლიდერები ოპოზიცური მაგიდის გარშემო შეიკრიბებიან და ბრძოლის საერთო სტრატეგიას განსაზღვრავენ. შეხვედრა უახლოეს დღეებში უნდა გაიმართოს. ოპოზიციური ერთობა დედაქალაქში რჩეულების დასახელებას სიმბოლურად 20 ივნისის აქციაზე გეგმავს.

დღის ამბები