18 ნოემბერი 2024,   03:27
ვრცლად
ანტიკრიზისული ბიუჯეტი - COVID -19-ის გამო 14 ნახევარი მილიარდის ნაცვლად, წელს თითქმის 16 მილიარდი დაიხარჯება

საბიუჯეტო წლის ამოწურვამდე 6 თვით ადრე პანდემიამ ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტი შეცვალა. განახლებული პარამეტრები ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტში ჩაიწერა. COVID -19-ის გამო 14 ნახევარი მილიარდის ნაცვლად, წელს თითქმის 16 მილიარდი დაიხარჯება. პანდემიამ ეკონომიკის ზრდის ტემპსაც დაარტყა. პროექტის მიხედვით 2020 მინუს 4 პროცენტიანი ეკონომიკის ზრდით დასრულდება. 6 პროცენტზე მეტით პროგნოზირებენ ექსპორტის შემცირებას. 2,5 დან 8, 5 პროცენტამდე გაიზრდება ბიუჯეტის დეფიციტი. შემცირებულია შემოსავლებიც - მილიარდ 800 მილიონით და ხარჯებიც 600 მილიონით.

პანდემიის პრევენციისა და მისი შედეგების სალიკვიდაციოდ ბიუჯეტში მობილიზებული დამატებითი რესურსი მთლიანობაში შეადგენს 5 მილიარდ 637,0 მლნ ლარს, მათ შორის: საერთაშორისო პარტნიორებისგან გამოყოფილი კრედიტები თითქმის - 4, 5 მილიარდია. კრედიტებთან ერთად, ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებულია, როგორც ფინანსური რესურსი, ევროკავშირის 330 მილიონიანი გრანტი და ასევე StopCoV ფონდში აკუმულირებული - 133,5 მლნ.

COVID -19-ის გამო შექმნილი საჭიროებების დასაფინანსებლად ხარჯების ნაწილში 600 მილიონი გამოთავისუფლდა. შემცირდა როგრც კაპიტალური, ასევე მიმდინარე ხარჯები. მაშ შორის, 60 მილიონი გამოაკლდა სახელფასო ფონდს. ყველაზე მეტით - 251 მილიონი ლარით - დაფინანსება შეუმცირდა ინფრასტრუქტურას, თითქმის 128 მილიონიანი კლება აქვს განათლების სამინისტროს. 75 მილიონი ჩამოეჭრა თავდაცვის უწყებას. ამ შემცირებების ფონზე, 64 მილიონით გაიზარდა ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის ხარჯები.

ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტი უკვე პარლამენტშია. განხილვების დაწყებამდე ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტი კრიტიკის მიზეზი უკვე გახდა. ოპოზიციონერი დეპუტატები პროექტს დაგვიანებულს უწოდებენ და ამბობენ, რომ ანტიკრიზისული საფინანსო დოკუმენტი მოსახლეობის საჭიროებებს არ პასუხობს. მმართველი გუნდის ოპონენტები აღებული ვალის არამიზნობრივ ათვისებაზეც საუბრობენ. ბიუჯეტის მხარდაჭერას ოპოზიცია არ აპირებს.

უმრავლესობა ოპოზიციის კრიტიკას არ იზიარებს. მმართველი გუნდისთვის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პარამეტრები ყველა საჭიროებასა და გამოწვევაზე ადეკვატური პასუხია.

ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტი ბიუროზე დარეგისტრირდა და საკომიტეტო მოსმენები ხვალიდან დაიწყება. დეპუტატები დოკუმენტის განხილვის დასრულებას თვის ბოლოსთვის ვარაუდობენ.

დღის ამბები