"ჩარევა სასურველია" - ჰაინრიხ ბიოლის ამ ფრაზით ლაშა ბაქრაძემ "ლელოსთან" ყოფნა აღარ ისურვა. ისტორიკოსი პარტიასთან თანამშრომლობას წყვეტს და ქვეყნის სასარგებლო საქმეებში ჩარევის ინდივიდუალურ გზას ირჩევს. ბაქრაძე მიზეზებს არ ასახელებს, მხოლოდ ლიტერატურული ენით გვესაუბრება და ირიბ შეტყობინებებს ტოვებს. ლიტერატურათმცოდნემ მკაფიო გახადა, რომ გადაწყვეტილების სიღრმეებში საჯაროდ არ შევა და ვერც ყოფილ თანაგუნდელებზე იტყვის რამე ცუდს.
"ლელოს" გული წყდება, თუმცა ყოფილ თანაგუნდელს წარმატებას უსურვებს. დღეს პარტიაში ამჯობინეს, რომ მიზეზებზე ბაქრაძემ თავად ისაუბროს, თუმცა მიზეზი, რომელიც არსად თქმულა ბევრისთვის უკვე ნათელია. მამუკა ხაზარაძის მიერ ერთერთ სატელევიზიო ეთერში სხვა სექსუალური კუთვნილების წარმომადგენლებზე გაკეთებული განცხადება მალევე გახდა განხილვის საგანი. მაშინ ხაზარაძემ თქვა, რომ უმცირესობების უფლებები ქვეყანაში ძალიან კარგადაა განსაზღვრული და ამ მხრივ კონსტიტუცია გადახედვას არ საჭიროებს, უმცირესობების მიერ უმრავლესობებისთვის თავსმოხვეული იდეები კი მიუღებლად ჩათვალა. "ლელოს" ლიდერს დღეს კიდევ ერთხელ მოუწია იმის განმარტება,თუ რა იგულისხმა.
"ლელოში" არიან ადამიანები, ვინც ფიქრობენ, რომ სათქმელი ხაზარაძეს სხვა ფორმით უნდა ეთქვა, თუმცა მისი შინაარსი მათთვის მისაღებია. ლაშა ბაქრაძის პარტიიდან წასვლა კი, მაგალითად, დავით უსუფაშვილმა შემოქმედებითი ადამიანის პოლიტიკაში მოსვლის კლასიკურ ჭიდილად შეაფასა. პარტიაში მარტივად ამბობენ, რომ ასეთები ხდება.
ლგბტქ თემის დამცველებისთვის სახიფათოდ გამოიყურება ის, რომ პოტენციური კანონმდებელი, საპარლამენტო მანდატებზე ამბიციის მქონე პოლიტიკოსი უმცირესობების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკაში პრობლემას ვერ ხედავენ და წინასწარ აანონსებენ, რომ ამ მხრივ არაფერს იღონებენ.
უფლებადამცველებისთვის უცნობია, იყო თუ არა ხაზარაძის განცხადება საარჩევნო სვლა და პოპულარულ აზრზე თამაში, თუმცა ის რომ პოლიტიკოსები ამ სენსიტიურ თემას პოპულიზმისთვის ხშირად იყენებენ, მათთვის დიდი ხანია ცნობილია. თავად ისტორიკოსი და ლიტერატურათმცოდნე ლაშა ბაქრაძე "ლელოში" ხანმოკლე პოლიტიკური საქმიანობის შესახებ განცხადებების გაკეთებას ამ ეტაპზე აღარ გეგმავს.