18 ნოემბერი 2024,   03:24
ვრცლად
არანაირი წყენა ოპოზიციურ მაგიდასთან არ არსებობს - ანზორ ბიწაძე

"არანაირი წყენა არ არსებობს" - ასე უპასუხა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრმა ანზორ ბიწაძემ "ღამის კურიერის" კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ დავით ბერძენიშვილის მიერ შემოთავაზებულ სქემაში თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების გადანაწილებასთან დაკავშირებით ნინო ბურჯანაძე ვერ მოხვდა.

ანზორ ბიწაძის განცხადებით, პარტიის თავმჯდომარე ისედაც არ აპირებს მაჟორიტარ კანდიდატად კენჭისყრას, რადგან საარჩევნო კამპანიის ჩატარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავს. 

"არანაირი წყენა არ ყოფილა, ბატონი დავითის მოსაზრება იყო ერთი და ჩვენი მოსაზრება იყო მეორე. ჩვენი მოსაზრება იყო ასეთი: თუ ნინო ბურჯანაძე გადაწყვეტდა რომელიმე ოლქში კენჭისყრას, მაშინ ვთვლიდით, რომ მისის კანდიდატურის განხილვა ოპოზიციურ მაგიდასთან აუცილებელი იყო. მიუხედავად ძალიან დიდი სურვილისა ოპონენტების მხრიდან, ოპოზიციურ მაგიდასთან არანაირი წყენა არ არის. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი არ დაემსგავსა ვაჭრობას, იყო უბრალოდ ცხარე დისკუსია, შეიძლება კიდევ უფრო ცხარე იყოს, ეს აბსოლუტურად ადეკვატურია.

თუკი ის მიიღებს გადაწყვეტილებას, და, სავარაუდოდ, ასეც იქნება, რომ არ იყოს წარმოდგენილი მაჟორიტარულ ოლქებში, ეს გამომდინარე იქნება მარტივი მიზეზიდან - ჩვენ ორიენტირებული ვართ, რომ ნინო ბურჯანაძემ ჩაატაროს რაც შეიძლება მასშტაბური საარჩევნო კამპანია საქართველოს რაიონებში და ფიზიკურად შეუძლებელია, ადამიანი იყოს სრულფასოვანი მაჟორიტარობის კანდიდატი და მთელი პარტიის სახელით ჩაატაროს კამპანია მთელს საქართველოში,"-განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

როგორც ანზორ ბიწაძემ აღნიშნა, მისი პარტიის მიზანი საქართველოს პარლამენტში "ბიძინა ივანიშვილის მიერ დაქირავებული პოლიტიკოსების" რაოდენობის შემცირებაა.

"ჩვენთვის ამოსავალი  წერტილია ერთი - ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ამოცანა, ეს ამოცანა არის, რაც შეიძლება ნაკლები ბიძინა ივანიშვილის დაქირავებული პოლიტიკოსი საქართველოს პარლამენტში. დაქირავებულში განვიხილავ ყველა პოლიტიკოსს, რომელსაც დააყენებს "ქართული ოცნება" მაჟორიტარობის კანდიდატად და ჩვენი ინფორმაციით, ისინი აპირებენ ასტრონომიული თანხებით შემოვიდნენ ოლქების მოსაგებად.

აუცილებლადაც შედგება შეთანხმება მაჟორიტარულ ოლქებზე, რეგიონებშიც. აქ ჩვენ გვაქვს ოდნავ განსხვავებული მიდგომა და ბევრი ჩვენი კოლეგა გვეთანხმება - არ არის გამორიცხული, რომ მთელ რიგ ოლქებში რამდენიმე კანდიდატი იყოს, ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატიდან გამომდინარე, ამაშიც ხელს შევუწყობთ ოპოზიციურ ერთობას. ჩვენი ამოცანა იქნება, უკვე შემდგომ ეტაპზე, მოხდეს ოპოზიციური ერთობის შენარჩუნება იმისთვის, რომ არ მოხდეს არჩევნების გაყალბება, მოსყიდვა, დაშინება და ა.შ. რისი ნიშნებიც უკვე არის,"-განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

შეგახსენებთ, რომ დავით ბერძენიშვილი ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების ფორმულას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც თბილისის 8 მაჟორიტარულ ოლქში 2-2 კანდიდატი "ნაციონალურმა მოძრაობამ", "ევროპულმა საქართველომ" და "ლელომ", თითო-თითო კი "ლეიბორისტებმა" და ალეკო ელისაშვილის "სამოქალაქო მოძრაობამ" უნდა დააყენონ. ამავე ფორმულის მიხედვით, რეგიონებში ღია კონკურენცია იმოქმედებს, სადაც იდეის ავტორი მეორე ტურების დიდ ალბათობას ელის და სწორედ მაშინ ხედავს ოპოზიციის კვლავ გაერთიანების საჭიროებას.

დღის ამბები