"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი ღამის კურიერში სტუმრობისას აცხადებს, რომ ოპოზიციურ ერთობაში "ნაციონალური მოძრაობა" დომინანტობას არასდროს ცდილობს.
ზაალ უდუმაშვილი მმართველი გუნდის დამარცხების ფორმულად ოპოზიციურ ერთობას ასახელებს.
"ნაციონალური მოძრაობა" არასოდეს არ ცდილობდა, რომ დომინანტი ყოფილიყო კონკრეტულ გადაწყვეტილებებში, არც გაერთიანებული ოპოზიციის ფარგლებში, რომელიც უკვე წლებია არსებობს. არც "ლეიბორისტების" ფორმატში, მე მგონი, ვერავინ ვერ დაგვწამებს ცილს იმაში, რომ ჩვენ ვცდილობთ პირველი ვიოლინოს როლი შევასრულოთ ამ ყველაფერში. ჩვენ ვართ ერთ-ერთი წევრი. ჩვენ ვიზიარებთ იმ პასუხისმგებლობას, რასაც ჰქვია, რომ ვართ მთავარი ოპოზიციური პარტია ქვეყანაში და ყველაზე დიდი პარტია და შესაბამისად, ამომრჩევლების ხმების ყველა დიდი რაოდენობის მობილიზება შეგვიძლია. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გარკვეულ თამაშის წესებს ვაწესებთ.
დღეს, მაგალითად, ამ სტუდიაში რაც ხდება, რომ 8 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ზის და მსჯელობს, როგორ უნდა დაამარცხოს ივანიშვილის რეჟიმი უახლოესი ორი თვის შემდეგ, ეს არის, ალბათ, ბიძინა ივანიშვილის კოშმარი. ბიძინა ივანიშვილის ოცნება ახდება, როცა ამ სტუდიაში ჩვენ შემოგვიყვანთ სათითაოდ და გასვლისას ხელს არ ჩამოვართმევთ ერთმანეთს. ნამდვილად არ ვაპირებთ, რომ ეს ოცნება ავუხდინოთ. დღეს მთავარი გასაღები ივანიშვილის დამარცხების არის სწორედ ოპოზიციური ერთობა, ეს არის ფაქტი. ერთობის გარეშე ამ კრიმინალური რეჟიმის დამარცხება იქნება ძალიან რთული," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.