თბილისის მერის განცხადებით, მიკროავტობუსების განახლების პროექტი, რომელიც პანდემიის გამო დროებით შეჩერდა, ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული თანხებით მაინც განხორციელდება.
ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე, დედაქალაქის ბიუჯეტზე საუბრისას განაცხადა.
კალაძის თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტს პანდემიის გამო, დაახლოებით, 150 მილიონზე მეტი შემოსავალი დააკლდა. თბილისის მერის განცხადებით, დაგეგმილი პროექტების გარკვეულ ნაწილს პანდემიის გამო ვადებში გადაწევა მოუწია, თუმცა არც ერთი მათგანი სრულად არ შეჩერდება და დედაქალაქის მთავრობა ამ პროექტებს ცოტა მოგვიანებით, მაგრამ მაინც განახორციელებს:
"ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ჩვენ შევაჩერეთ და გამოცხადებული იყო ტენდერი შესყიდვაზე, იყო მიკროავტობუსების შეძენა. თქვენ იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი კომპონენტია. მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერს და ფინანსთა მინისტრს, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები და ტრანსფერის სახით დამატებითი თანხების წამოღების შესაძლებლობა მოგვეცა ცენტრალური ბიუჯეტიდან და ეს თანხები იქნება გამოყენებული მიკროავტობუსების შესაძენად. მუნიციპალიტეტი უახლოეს მომავალში, მომდევნო დღეებში გამოაცხადებს მიკროავტობუსების შესყიდვას, 300 ერთეული იქნება პირველ ეტაპზე. სხვა პროექტებს რაც შეეხება, ჩვენ არც ერთი პროექტის გაჩერებას არ ვაპირებთ, უბრალოდ, შეიძლება გარკვეულმა პროექტებმა გადაიწიოს დროში," - განაცხადა კახა კალაძემ.