18 ნოემბერი 2024,   03:43
ვრცლად
მომდევნო თვეების განმავლობაში ხალხში ფული არ იტრიალებს - ზურაბ ჭიაბერაშვილი მთავრობას გადასახადების შემცირებას მოუწოდებს

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ეკონომიკური და სოციალური პრობლემები ქვეყანაში მანამდეც იყო, თუმცა კორონაპანდემიამ კრიზისი უფრო მეტად გააღრმავა.

როგორც ჭიაბერაშვილმა "დღის კურიერში" საუბრისას აღნიშნა, საგანგებო მდგომარეობის მოხსნისა და იმ ობიექტების ამუშავების მიუხედავად, რომლებიც 3 თვის განმავლობაში პარალიზებული იყო, პროდუქტებისა და მომსახურების გაყიდვები საგრძნობლად შემცირებულია.

"ჩვენ ეკონომიკური და სოციალური პრობლემები გვქონდა კორონაკრიზისამდეც, კორონაკრიზისმა უბრალოდ გააღრმავა ის პრობლემები, რაშიც მანამდეც ვიყავით წლების განმავლობაში ბიუჯეტიდან ხარჯების უყაირათოდ გაწევის გამო მთავრობისა და "ქართული ოცნების" მიერ.

დღეს ყველაზე მწვავე პრობლემა, რომელსაც ჩვენ გავიგონებთ მომდევნო დღეების, კვირების, თვეების განმავლობაში, სამწუხაროდ, არის შემდეგი, რომ ხალხში ფული არ ტრიალებს.

მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა და გაიხსნა მაღაზიები, მანქანის სახელოსნოები, სილამაზის სალონები და ბევრი სხვა ობიექტი, ძალიან ბევრი მეწარმე დამსაქმებელი აღმოაჩენს, რომ გაყიდვები აღარ არის, გნებავთ პროდუქტის და გნებავთ მომსახურების, არ არის იმ დონეზე, რაც კრიზისამდე, თუნდაც თებერვალში, იყო.

ეს იქნება იმის შედეგი, რომ ადამიანთა დიდმა ნაწილმა ან უბრალოდ დაკარგა შემოსავალი, შემოსავალი შეუმცირდა, ან მათაც კი, ვისაც შეიძლება ფორმალურად შემოსავალი არ შეუმცირდა, ეს ადამიანები დაიწყებენ უფრო მომჭირნედ ფულის დახარჯვას, იმიტომ, რომ მომავალი არის გაურკვეველი, ეპიდემიოლოგები დღესაც ამბობენ და გვაფრთხილებენ, რომ შეიძლება შემოდგომაზე მეორე ტალღა კიდევ უფრო მძიმე იყოს ამ ვირუსის.

ეკონომიკურ ენაზე რომ ვთქვათ, ეს არის "მოთხოვნის შოკი", როცა ადამიანები ყველაფერს ყიდულობენ უფრო ნაკლებს და უფრო მომჭირნედ ხარჯავენ.

ასეთ დროს, მთავრობის მთავარი ფუნქცია არის რაც შეიძლება მეტი ფული გაჩნდეს ხალხში. ეს ძირითადად ხდება 2 მეთოდით: ეს არის გადასახადების შემცირება და მეორე მხრივ, ეს არის ხალხისთვის, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის პირდაპირი ფულადი დახმარების გაწევა," - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

დღის ამბები