საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ანტიკრიზისულ პერიოდში გადასახადების რაიმე სახით ცვლილებები არ იგეგმება, რადგან გადასახადების თვალსაზრისით საქართველოს კარგი მდგომარეობა აქვს. ამის შესახებ კოვზანაძემ "დღის კურიერის" ეთერში ანტიკრიზისულ ბიუჯეტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
"გადასახადების სიდიდის თვალსაზრისით საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი. ჩვენ გადასახადები არამარტო რეგიონში, არამედ მსოფლიოში გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო სიდიდის თვალსაზრისით. ამიტომ აქ დასაწუნი ჩვენ არ გვაქვს არაფერი. რისი შემცირებაც შეძლო ფინანსთა სამინისტრომ, ის არის შემცირებული. ეს არის ოპტიმალური ვერსია ბიუჯეტის, რომელიც წარმოდგენილი იქნა,"- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
ირაკლი კოვზანაძის თქმით, თუ საინტერესო წინადადებები იქნება წარმოდგენილი კომიტეტებში განხილვების დროს, როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის მხრიდან მათზე მსჯელობა და გათვალისწინება მოხდება. კოვზანაძის თქმით, ის ვარაუდობს, რომ ბიუჯეტის ცვლილებების დამტკიცება პარლამენტში 26 ივნისის კვირაში დასრულდება.