პარასკევს პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ელოდებიან. ღარიბაშვილი თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის რანგში დეპუტატების წინაშე პირველად წარდგება.
სხდომას ოპოზიციის წევრები არ დაესწრებიან.
"მე, დიდი ხანია, ბატონი ღარიბაშვილი იმ ზღვარს მიღმა მიმაჩნია, რომელთანაც აზრი აქვს საქმიან დისკუსიას. რომ არ ვიყოთ პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში, მაშინ ეს ნაწილია საპარლამენტო მუშაობის. ჩვენ, სანამ არ შესრულდება შეთანხმება პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, მანამდე რუტინულ ამბებში არ ვმონაწილეობთ," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ.
"ჩვენ გვაქვს გამოცხადებული ბოიკოტი და ამ ფორმის შეხვედრას არ დავესწრებით. მაგრამ ძალიან საგანგაშო არის მისი განცხადება იმის თაობაზე, რომ ოპოზიციის შეკითხვებს არ გასცემს პასუხს. ეს არის პირდაპირი დარღვევა კონსტიტუციის. როდესაც თავხედურად ამბობს მინისტრი, რომ ოპოზიციის კითხვებს არ გასცემს პასუხს, მაშინ მოუწევს ამაზე პასუხისგება," - აღნიშნა "ნაციონალური მოძრობის" წევრმა რომან გოცირიძემ.
უკვე ცნობილია, რომ შეხვედრას დაესწრებიან პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები.
"ბოლო პერიოდში, რაც თავდაცვის სამინისტროს მიმართულებით ისმოდა, იყო პანდემიის პირობებში განხორციელებული სხვადასხვა შესყიდვა და ის თემები, რომლებიც აჩენდა კითხვის ნიშნებს, იყო თუ არა აუცილებელი, საგანგებო რეჟიმის პერიოდში განხორციელებულიყო," - განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა.
მმართველი გუნდის წევრებს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან მმართველი გუნდის წევრებს სამინისტროს მომავალ გეგმებთან დაკავშირებით ექნებათ.
"მინისტრმა ძალიან სერიოზულ პროექტებს მოკიდა ხელი, მათ შორის, მან ამაზე ღიად ისაუბრა სხვადასხვა . თავისთავად ცხადია პარლამენტში ჩვენ უკვე გვექნება საშუალება დაწვრილებით და სიღრმისეულად განვიხილოთ ის გეგმები, რაც მინისტრს და თავდაცვის სამინისტროს გააჩნია," - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.
"ჩვენი მეგობარი ქვეყნები შტატების, ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველო ასე ახლოს არასდროს ყოფილა ნატოსთან როგორც არის დღეს," - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.