ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტის საპარლამენტო განხილვები თავდაცვის კომიტეტის სხდომით დაიწყო, სადაც ამ მიმართულების უწყებისთვის შემცირებული ხარჯები დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გააცნო. თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, ხარჯვით ნაწილში, 75 მილიონი ლარით, საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტების მიმართულებით მცირდება, რაც კომიტეტის ზოგიერთი წევრისთვის არგუმენტირებული არ აღმოჩნდა.
კომიტეტის ფარგლებში პროექტზე მსჯელობას არ აპირებს ოპოზიცია, რომელიც არც მის მხარდაჭერას გეგმავს, რადგან ფიქრობს, რომ კორექტირებული ვარიანტი საგარეო ვალის ფლანგვა და არამიზნობრივად შემცირებული ხარჯებია.
პროექტის ხელმომწერი და ერთ-ერთი ავტორი კი ოპონენტების საპასუხოდ განმარტავს, რომ ანტიკრიზისული ბიუჯეტის დაკორექტირებულ ვერსიაში ყველა პარამეტრი ეპიდემიოლოგიური პროგნოზის მიხედვითაა გათვლილი.
COVID-19-ის გამო 14.5 მილიარდის ნაცვლად წელს თითქმის 16 მილიარდი დაიხარჯება. შემოსავლები - მილიარდ 800 მილიონით, ხარჯები კი - 600 მილიონით მცირდება.
პროექტის მიხედვით, ეკონომიკური ზრდა -4 პროცენტით განისაზღვრა, ექსპორტი 6 პროცენტზე მეტით შემცირდება, ბიუჯეტის დეფიციტი კი 2,5-დან 8, 5 პროცენტამდე გაიზრდება. კონკრეტულ ციფრებზე დეპუტატები ხვალ, უკვე იურიდიულ საკითხთა და ჯანდაცვის კომიტეტებზე იმსჯელებენ.