18 ნოემბერი 2024,   03:33
ვრცლად
როგორ ახორციელებს შესყიდვებს თავდაცვის სამინისტრო პანდემიის პერიოდში - პასუხს ირაკლი ღარიბაშვილისგან დამოუკიდებელი დეპუტატები ელიან

ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრის რანგში პარლამენტის წინაშე პირველად წარდგება. ძალოვანი მინისტრის სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციონერი დეპუტატების ადგილები ცარიელი იქნება - "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" ბოიკოტის რეჟიმში რჩება. პარტიებში ამბობენ, რომ ღარიბაშვილის გამოსვლის გამო ბოიკოტის დარღვევა არ ღირს.

ირაკლი ღარიბაშვილს კრიტიკული შეკითხვების მოსმენა მაინც მოუწევს. სხდომაზე დასწრებას დამოუკიდებელი დეპუტატები გეგმავენ. კანონმდებლებს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელისგან აინტერესებთ ინფორმაცია პანდემიისას განხორციელებულ შესყიდვებზე.

თუ როგორ ახორციელებს თავდაცვის სამინისტრო შესყიდვებს, შეკითხვები არ აქვს მმართველ გუნდს. "ქართული ოცნების" დეპუტატები ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობით ანგარიშის წარმოდგენამდეც კმაყოფილები არიან. თანაგუნდელებს თავდაცვის მინისტრისაგან უწყების სამომავლო გეგმები უფრო აინტერესებთ.

პასუხების გაცემა იმ შეკითხვებზე, რომლებსაც მინისტრს პარლამენტში დაუსვამენ, ირაკლი ღარიბაშვილს "რუსთავი 2-ის" ეთერში მოუწია. მათ შორის, "ღამის კურიერში" თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა შესყიდვებზეც. ღარიბაშვილი პროცესს ჯარის საჭიროებებით ხსნის.

ირაკლი ღარიბაშვილს საკანონმდებლო ორგანოში პარასკევს ელოდებიან. თავდაცვის მინისტრი დეპუტატების წინაშე მინისტრის ფორმატის ფარგლებში წარდგება. პლენარულ სხდომაზე კითხვა-პასუხი და დებატები გაიმართება.

დღის ამბები