13-მა კონგრესმენმა ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების ანგარიშში, რუს და უკრაინელ ოლიგარქებთან ერთად სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილისთვისაც ითხოვა.
მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.
კონგრესმენების ამ განცხადებას საქართველოში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს მოხსენება ბიძინა ივანიშვილის განაჩენის ტოლფასია. განსხვავებულ პოზიციაზეა მმართველი გუნდი.
როგორც ვიცე-სპიკერი, მმართველი გუნდის წევრი გიორგი ვოლსკი აცხადებს, კონგრესმენების ეს განცხადება აგრესიული ლობისტური საქმიანობის შედეგია.
"მე შემიძლია რუსეთისადმი ხელშეწყობის მაგალითები მოვიყვანო, როდესაც "ნაცმოძრაობამ" რუსეთის პოზიციების გაძლიერებას ხელი შეუწყვეს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ კონგრესმენების ის ერთი წინადადება, აგრესიული ლობისტური საქმიანობის შედეგია,"- აღნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის შეფასებით კი, ბიძინა ივანიშვილის ყველაზე უკეთ შემფასებელი ქართველი ბრძენი ხალხია, ვინც მას 2012 წლიდან არჩევნებში ხმას აძლევს.
"ჩვენ ყურადღებით ვეკიდებით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის განცხადებებს, მათ შორის კონგრესმენების განცხადებებსაც. ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილის ყველაზე კარგად შემფასებელი არის ის ქართველი ბრძენი ხალხი, რომელიც მას ყოველ წელს 2012 წლის შემდეგ ხმას აძლევს," - განაცხადა სოფიო კილაძემ.