18 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
თუ ოპოზიციისა და მისი ლობისტებისთვის ვინმე ჟორიკა არის სტაბილიზატორი, მომეცით უფლება ეს არ გავიზიარო - თეა წულუკიანი კონგრესმენებზე

13 ამერიკელი კონგრესმენის ანგარიშს, სადაც ბიძინა ივანიშვილი პუტინის მოკავშირედ არის მოხსენიებული და სადაც კონგრესმენები მის მიმართ სანქციების დაწესებას ითხოვენ, საქართველოს მთავრობის წევრები ეხმაურებიან.

"ჩემთვის დასკვნა არის მარტივი - "ნაციონალური მოძრაობა", სააკაშვილები, რომელი ქვეყნის პოლიტიკოსებადაც არ უნდა მოგვევლინონ, ქვეყნის შიგნით რესურსი პრაქტიკულად ამოწურეს, ისინი არიან განწირული მარცხისთვის. ამიტომ ვიღაც ლობისტების მეშვეობით ცდილობენ, დაუბრუნდნენ 2012 წლის ივლისის რიტორიკას, რომ "ქართული ოცნება", ჩვენი ლიდერი, ჩვენ ყველანი ვართ ვითომ, პუტინის აგენტები, ადრე ვარიგებდით ტელევიზორებს და მაცივრებს, რომ გაგვეუბედურებინა ქართველი ხალხი, ახლა კი, ვცდილობთ ხელისუფლებაში დარჩენას, ვითომ პუტინის დავალებით. ეს ყველაფერი არის ძალიან სასაცილო და არასერიოზული,"- ამ განცხადებით იუსტიციის მინისტრი აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა.

"ეს კვლევა თქვენ რომ ნახეთ, სააკაშვილს უკვე ნანახი და "ფეისბუქზე" დადებული ჰქონდა, უკრაინელი პოლიტიკოსია ასეთი, აღმასკომის თავმჯდომარეა რეფორმების დარგში. ჩვენ, "ქართული ოცნება" დიდი ხანია ჩართული ვართ პოლიტიკურ პროცესში. 2010-2011 წლები მახსენდება და დეჟავუ მაქვს. ჩვენ გვახსოვს 2012 წელს მსგავსი "კვლევები" და "ანგარიშები", სადაც ეწერა, რომ "ქართული ოცნება" არის პუტინის აგენტი, რომ ბიძინა ივანიშვილი, იმისთვის, რომ პუტინის დავალებით მოვიდეს ხელისუფლებაში, არიგებს მაცივრებს და ტელევიზორებს.

იყო სასიქადულო ასეთი პოლიტიკოსი ევროპაში, ვინმე მარტენსი, რომელიც ამბობდა, რომ "ქართული ოცნება" ქართველებს პუტინის დავალებით ურიგებს მაცივრებსა და ტელევიზორებს. მე პირადად ეს გამახსენდა, როდესაც სააკაშვილმა ეს კვლევა გამოაქვეყნა. ამავე კვლევაში, თუ კი უბრჭყალებო კვლევას დავარქმევთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი სხვა მიგნებები და წერია, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, სამხედრო თანამშრომლობა არის ორ ქვეყანას შორის უმაღლეს ნიშნულზე. შესაბამისად, ეს შეუსაბამობები, რა თქმა უნდა, იწვევს ირონიას, ამიტომ ვსაუბრობ ირონიულად.

ასევე მახსენდება, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ვახლდი ერთ-ერთ მივლინებაში სტრასბურგში, ის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი იყო და ჰკითხეს ამგვარმა ანგარიშის ავტორებმა, ოღონდ ევროპელებმა, რატომ წაართვი "იმედი" თავის მესაკუთრესო. როდესაც ჩვენ გაგვეღიმა და ვუთხარით, რომ "იმედი" კი არ წავართვით მესაკუთრეს, არამედ ჩამოვართვით იმას, ვისაც მიტაცებული ჰქონდა და დაუბრუნდა კანონიერ მესაკუთრეს, რაც "რუსთავი 2"-ის შემთხვევაში ბევრი წლის მერე, უკვე სტრასბურგის სასამართლოს ძალით ხელისუფლებამ მოახერხა, რომ "რუსთავი 2" დღეს ეკუთვნის მას, ვისაც წაართვეს წინა ხელისუფლების დროს, ევროპელებში გარკვეული დაბნეულობა იყო.

ბიძინა ივანიშვილი არის, ამას უკვე სერიოზულობით ვამბობ, ფიგურა ქართულ პოლიტიკურ სცენაზე და რეალობაში, რომელიც არის ჯერჯერობით ამ ქვეყანაში ერთადერთი, ვინც არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და სტაბილურობის გარანტი. შესაბამისად, თუ ოპოზიციისთვის და მისი ლობისტებისთვის ვინმე ჟორიკა არის სტაბილიზატორი, მე მომეცით უფლება, რომ ეს არ გავიზიარო," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, 13 კონგრესმენი რუს და უკრაინელ ოლიგარქებთან ერთად სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილისთვისაც ითხოვს. "ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული," - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების ანგარიშშია ნათქვამი.

დღის ამბები