18 ნოემბერი 2024,   04:13
ვრცლად
აუცილებლად მოვიკვლევთ, ვისი რეკომენდაციით მოხვდა ეს აბზაცი ამ მეტად მნიშვნელოვან კვლევაში - დავით ზალკალიანი კონგრესმენების ანგარიშზე

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ აშშ-ს რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების ანგარიშში ბიძინა ივანიშვილის შესახებ ჩანაწერის წარმომავლობას აუცილებლად გამოიკვლევენ. მისივე შეფასებით, ის, რომ ამ ჩანაწერს პირველად ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა, ბევრ რამეზე მეტყველებს. 

"აუცილებლად გვექნება კიდევ დამატებითი კომუნიკაცია ყველა კონგრესმენთან, აუცილებლად მოვიკვლევთ, თუ როგორ და ვისი რეკომენდაციით მოხვდა ეს ერთი აბზაცი ამ მეტად მნიშვნელოვან კვლევაში, სადაც საქართველოსთვის მხარდამჭერი ძალიან სერიოზული დებულებებია. ეს ძალიან სერიოზულად გამოსაძიებელია. ის ფაქტი, რომ მას პირველი გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი და გამოდო თავის ფეისბუქ საიტზე, ეს მიანიშნებს... და ის გამოხმაურებები, რაც მოვისმინეთ ოპონენტების მხრიდან, რომლებიც ამას პირდაპირ თარგმნიან, როგორც მათ მხარდაჭერას. ძალიან გულდასაწყვეტი და სირცხვილია, ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ამ ხელისუფლების და პარტიის ლიდერს აქვს კავშირი რუსეთთან და ქვეყანა მიჰყავს დესტაბილიზაციისკენ, მაშინ როდესაც ქვეყანა არასდროს ასეთი სტაბილური არ ყოფილა საგარეო პოლიტიკური კუთხითა და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობით,"- განაცხადა მინისტრმა. 

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების ანგარიშში "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია, როგორც "პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული". ანგარიშს ხელს 13 კონგრესმენი აწერს და ბიძინა ივანიშვილისადმი სანქციების დაწესებას ითხოვს. 

დღის ამბები