ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენების მწვავე კრიტიკა და მოთხოვნა ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე დღეს თბილისში პოლიტიკური შეფასებების მთავარი თემა იყო.
აშშ-ს რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების ანგარიში დღეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმა შეაფასეს.
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა მიიღოს ეს სიგნალი, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-სა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდება.
"რახან ლობისტებმა ეს შეძლეს, თუ ლობისტებმა ქნეს, ე.ი. ძალიან კრიტიკულად რთულად არის საქმე. მეორე ის არის, რომ დაბალი რანგის დოკუმენტი, ეს არ არის უკვე კონგრესის მიერ დამტკიცებული დოკუმენტი, ეს არის ანალიზი, მაგრამ ნებისმიერი მაღალი რანგის დოკუმენტი შენდება ასეთი ტიპის დოკუმენტებზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი და ამის არგათვალისწინება გამოიწვევს კიდევ უფრო ღრმა კრიზისს საქართველოსა და აშშ-ს ხელისუფლებებს შორის,"- განაცხადა დიმიტრი ქვრივიშვილმა.
პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძის შეფასებით, დოკუმენტში კონკრეტული სახელის და გვარის აღნიშვნა მიანიშნებს, რომ აშშ-ს პოლიტიკურ გარემოში საქართველოს მთავრობის მიმართ შეფასებები მწვავეა.
"ქართულ ოცნებას," ფაქტობრივად, ქვეყნის მართვის ლეგიტიმაცია უკვე დაკარგული აქვს. მე ძალიან გამიკვირდა, რომ აქ უკვე კონკრეტული გვარი და სახელია გაჟღერებული, თუმცა ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო მწვავედ არის აშშ-ს პოლიტიკურ წარმომადგენლობაში შეფასებები მმართველი გუნდის მიმართ,"-განაცხადა ლევან კობერიძემ.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების ანგარიშში "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია, როგორც "პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული". ანგარიშს ხელს 13 კონგრესმენი აწერს და ბიძინა ივანიშვილისადმი სანქციების დაწესებას ითხოვს.