ყოფილმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა თანაგუნდელებსა და პრემიერ-მინისტრს ერთობლივი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
"მინდა დავიწყო მადლობით პირველ რიგში ჩემი თანაგუნდელების მიმართ, პრემიერ-მინისტრის მიმართ, პატივი იყო მათთან ერთად მოღვაწეობა და მადლობა მინდა ასევე ვუთხრა მთლიან სახელისუფლებო გუნდს ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეს ახალ პოზიციაზე დანიშვნით, რომელსაც მე სულ რამდენიმე დღეს, 15 ივნისს შევუდგები როგორც საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიაში და მუდმივი წარმომადგენელი ეუთო-ში და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.
მთავარი მონაპოვარი ალბათ ჩემი კაბინეტის წევრად ყოფნის დროს 4 წლის განმავლობაში ეს არის ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ. სრულიად კონკრეტული, კომპლექსური, სამშვიდობო გეგმა და საგზაო რუკა იმისა თუ როგორ უნდა წავიდეთ ჩვენ წინ, როგორ უნდა შევქმნათ ფუნდამენტი შერიგებისთვის," - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ქეთევან ციხელაშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას ტოვებს და ის მუშაობას ავსტრიაში და ეუთო-ში ელჩად გააგრძელებს. ვინ შეცვლის სახელმწიფო მინისტრის პოსტზე ქეთევან ციხელაშვილს ამ დრომდე უცნობია.