პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარეს მიხეილ სააკაშვილს ურჩევს, რომ სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში არ ჩაერიოს. აღნიშნული კომენტარი ირაკლი სესიაშვილმა მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელმაც საქართველოში მიმდინარე პროცესებში აქტიურად ჩართვა დააანონსა.
"სააკაშვილმა უნდა გადაწყვიტოს, რომ თუ ის წარმოადგენს უკრაინის ხელისუფლებას კეთილი ინებოს და დაკავდეს იმ საქმით, რა თანამდებობაც აქვს და ძალიან მარტივი პრინციპი გაითვალისწინოს, რომ სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში არ უნდა ჩაერიოს. შეიძლება მისი, რიგ შემთხვევებში რეალობას აცდენილი განცხადებები, ჩვენთვის პოლიტიკურად და საზოგადოებისთვის აღსაქმელი იყო იმისათვის, რომ რეალური მათი სახე დაინახო, მაგრამ აქ არის 2 სახელმწიფოს ურთიერთობა, ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და პატივს ვცემთ," - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.