"ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების კვლევითი კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების ანგარიშში ბიძინა ივანიშვილის შესახებ გაკეთებულ ჩანაწერში პოლიტიკური ოპონენტების როლს ხედავს.
ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ჩანაწერი, რითაც 13 კონგრესმენი "ქართული ოცნების" თავმჯდომარისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს, ოპოზიციის ლობისტების დამსახურებაა.
"ასეთი ფრაზები, თუნდაც ასეთი დაბალი რანგის დოკუმენტებში არის იმ ფულის დამსახურება, რომელიც მათ ჯერ მოიპოვეს ხალხის და კორუფციის ხარჯზე და შემდეგ გადაუხადეს კონკრეტულ ლობისტებს. ასეთი რანგის დოკუმენტებში, ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებებში, ბუნებრივია, შეიძლება მოხვდეს ასეთი ფრაზები, თუმცა მთავარია ინსტიტუტების დამოკიდებულება და ეს დამოკიდებულება, მაგალითად, აისახა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებაში, რომელმაც განაცხადა, დაახლოებით, 2 კვირის წინ, რომ არასდროს არ ყოფილა ქართულ ამერიკული ურთიერთობები ისეთ მაღალ დონეზე აყვანილი, როგორც დღეს,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა აღნიშნავს, რომ დოკუმენტში ეს ნაწილი აშკარად ამოვარდნილია კონტექსტიდან, რაც, მისი შეფასებით, ლობისტების ნამუშევარს ჰგავს.
"ამ დოკუმენტის მთელი პათოსის ფონზე, ის ერთი წინადადება, რომელმაც გამოიწვია ასეთი აჟიოტაჟი მთლიანად ამოვარდნილია კონტექსტიდან და, ჩემი აზრით, პირდაპირ ჩანს ის სამუშაო, რომელიც გაწიეს ლობისტებმა, რომ როგორმე ეს ერთი წინადადება მოხვედრილიყო ამ დოკუმენტში. თუ გავითვალისწინებთ წინასაარჩევნო პერიოდს, კვლევები, რომელსაც ჩვენი ოპონენტები ატარებენ და ის დაბალი რეიტინგი, რომელიც აქვთ ცალსახად მიუთითებს, თუ რამდენად გაააქტიურეს მათ ყველა არხი, რომ ბოლომდე შეძლონ დისკრედიტაცია იმ მთავარი მიღწევების, რომელიც ქვეყანას აქვს,"-განაცხადა კახა კუჭავამ.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ ჩანაწერს "მცდარი და ყოველგვარ საფუძველსმოკლებული" უწოდა.
"საქართველო მოხსენიებულია, როგორც აშშ-ს დემოკრატიული მოკავშირე. საუბარია, მის მხარდაჭერაზე და მის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე. რაც შეეხება ერთ მცდარ და ყოველგვარ საფუძველსმოკლებულ ჩანაწერს, შეცდომებისგან დაზღვეული არავინაა და ეს მცდარი ჩანაწერი წინააღმდეგობაში მოდის დოკუმენტში მითითებულ სხვა ჩანაწერებთან, ისევე, როგორც მთლიანად ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციასთან,"-განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების ანგარიშში "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია, როგორც "პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული". ანგარიშს ხელს 13 კონგრესმენი აწერს და ბიძინა ივანიშვილისადმი სანქციების დაწესებას ითხოვს.