"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე ამერიკის შეერთებული შტატების კვლევითი კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების ანგარიშსა და მასთან დაკავშირებულ ხელისუფლების პოზიციას გამოეხმაურა.
ვაშაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება დოკუმენტისა და მისი ავტორების "აღმაშფოთებელი ხერხებით დაკნინებას" ცდილობს.
"ამ დოკუმენტში "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბატონი ივანიშვილი და, შესაბამისად, მთლიანად "ქართული ოცნება" დასახელებულია პუტინის მტკიცე მოკავშირეების რიცხვში. მცირედი პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლებაც კი უკიდურესი სერიოზულობით მოეკიდებოდა ამ დოკუმენტს, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ ავტორების და ამ რეპორტის აღმაშფოთებელი ხერხებით დაკნინებას,"-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების ანგარიშში "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია, როგორც "პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული". ანგარიშს ხელს 13 კონგრესმენი აწერს და ბიძინა ივანიშვილისადმი სანქციების დაწესებას ითხოვს.