ამერიკის შეერთებული შტატების კვლევითი კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების ანგარიშში ბიძინა ივანიშვილის შესახებ ჩანაწერსა და მისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა ექსპერტებში.
ექსპერტთა ნაწილი ამას უკიდურესად სახიფათო ნიშნად მიიჩნევს, ნაწილისთვის კი არაფერს ნიშნავს.
იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ექსპერტის, დავით ჯანდიერის შეფასებით, ამერიკელი კონგრესმენების რამდენიმე თვის წინანდელი განცხადებები სწორედ ამგვარი სანქციების დაწესების მოთხოვნის წინაპირობა იყო.
"იყო განცხადებები დემოკრატიულ რეჟიმთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ პრობლემებზე. არაერთი განცხადება გაკეთდა ევროპელებისგან და ამერიკელების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევასა და, კერძოდ, პოლიტპატიმრების არსებობაზე. მათ შორის, არაერთხელ გაკეთდა მწვავე განცხადება ამერიკულ ბიზნესთან დაკავშირებით. მთელი ეს გარემოებები იყო წინაპირობა იმისთვის, რომ დღეს ყოფილიყო საუბარი შესაბამისი სანქციების ამოქმედებაზე,"-განაცხადა დავით ჯანდიერმა.
სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებლის, ნოდარ ხარშილაძის შეფასებით, ეს ოფიციალური დოკუმენტი "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს გრძელვადიან პრობლემებს შეუქმნის.
"ეს ძალიან სახიფათო ნიშანია, რომ უკვე ოფიციალურ დოკუმენტშია აღნიშნული. რესპუბლიკური პარტიის უმეტესობა წევრია იმ კომიტეტის, რომელმაც ეს გააკეთა. აი,რადგან აქ დაფიქსირდა ბიძინა ივანიშვილი როგორც საფრთხე, ეს უკვე გრძელვადიან პრობლემებს შეუქმნის მას. მთავარია, ქვეყანაზე არ გადმოვიდეს მისი პრობლემები,"-განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”სექტორი 3"-ის თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავა კონგრესმენების ანგარიშს "ერთეული შემთხვევა" უწოდა. ექსპერტმა აღნიშნა, რომ დოკუმენტი არაფერს ნიშნავს და მთავარი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობაა.
"მსგავსი ერთეული შემთხვევები არ უნდა იქნას აჟიტირებული, რომ თითქოს ეს არის აღსასრული. ჩემი შეფასებით, ეს არაფერსაც არ ნიშნავს. ეს არის საქართველოს და ამერიკის ურთიერთობის ღიაობის გამოხატულება და ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობა დღეს ისეთ ძლიერია, როგორც არასდროს ყოფილა,"-განაცხადა ქეთევან ჩაჩავამ.
"ჯეო ქეისის" თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი კი მიიჩნევს, რომ ის ბრალდებები, რაც კონგრესმენების ანგარიშში "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ გაისმა, კონკრეტული ფაქტებით გამყარებას საჭიროებს.
"კონკრეტული ძალა დაკავებულია სხვა ქვეყნის ინტერესების სამსახურში და ეწევა ქვეყანაში დესტაბილიზაციას, ეს არის იმდენად მძიმე ბრალდება, რომელსაც სჭირდება ძალიან არგუმენტირებული დასაბუთება. სხვაგვარად, შესაძლოა, ნებისმიერი სენსაციური განცხადება გამოაცხო, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა არ ეფუძნება სენსაციებს, არამედ პასუხისმგებლიან, არგუმენტირებულ ურთიერთობებს,"-განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების ანგარიშში "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია, როგორც "პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული". ანგარიშს ხელს 13 კონგრესმენი აწერს და ბიძინა ივანიშვილისადმი სანქციების დაწესებას ითხოვს.