18 ნოემბერი 2024,   03:51
ვრცლად
როგორ ჩატარდება COVID-19-ის პირობებში არჩევნები - ISFED ხელმძღვანელი ამბობს, რომ სხვა ქვეყნების გამოცდილებების გათვალისწინებით ოპტიმალური ვარიანტის მიღება შესაძლებელია

როგორ უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა იმ პირებმა, რომლებიც კორონავირუსთან დაკავშირებით არჩევნების დღეს საკარანტინო სივრცეებში იქნებიან? - ამის შესახებ "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

"ეს შეიძლება გადასატანი ყუთებით, ან რიგ შემთხვევებში თუ ეს ჩაითვლება როგორც სამედიცინო დაწესებულება და საავადმყოფო, შეიძლება იქ უბანიც გაიხსნას და რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში იმ კონკრეტული კომისიის წევრებს, რომლებიც იქ იმუშავებენ, მათ უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღება და დაცვა მოუწევთ და ბუნებრივია ამაზე შეთანხმება მნიშვნელოვანია. ეს ორგანიზებულობის თვალსაზრისით, არა მგონია პრობლემური იყოს, ამ 3 000 ამომრჩეველზე როცა ვსაუბრობთ, ეს ხომ ერთ ოლქში არ იქნება კონცენტრირებული, ეს საკარანტინო სივრცეები არის ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე. შესაბამისად, ისინი სხვადასხვა ოლქში ნაწილდებიან და სხვადასხვა უბანი იქნება მომსახურე," - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

მან ასევე ისაუბრა იმ ნიუანსებზე, რომელმაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პროცედურაზე. კერძოდ, როდესაც ერთ ოლქში რეგისტრირებული ამომრჩეველი საკარანტინო სივრცეში სხვა ოლქში იმყოფება, შეძლებს თუ არა ის საკუთარი ოლქის მაჟორიტარ კანდიდატს მისცეს ხმა.  ბენიძის თქმით, სრულად პროპორციული სისტემის შემთხვევაში ეს გამოწვევა არ იქნებოდა.

ბენიძის თქმით, COVID-19-ის პირობებში არჩევნების ჩატარების საკითხზე  სიღრმისეული მსჯელობა, ჯერჯერობით, არ მომხდარა, თუმცა სხვა ქვეყნების გამოცდილებების და რეკომენდაციების გათვალისწინებით,  ოპტიმალური ვარიანტის მიღება შესაძლებელია.

დღის ამბები