საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის განცხადებით, აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით თუ რა უსაფრთხოების წესები უნდა იქნას შემუშავებული COVID-19-ის პანდემიის პირობებში არჩევნების ჩასატარებლად. როგორც ანა მიქელაძემ "დღის კურიერში" განაცხადა, მნიშვნელოვანია როგორც ამომრჩევლის, ასევე საარჩევნო საუბნო კომისიის წევრების უსაფრთხოებაც.
"ამ მიმართულებით ვემზადებით, უკვე გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული, რომ თითოეულ საარჩევნო უბანზე უბნის წევრს ექნება პირბადე, ასევე უბნებზე განთავსებული იქნება სანიტაიზერები ხელის ჰიგიენურად დასამუშავებლად. უბნის წევრებს, რომელთაც უშუალო კავშირი აქვთ ბიულეტენებთან, კონვერტებთან, ამომრჩეველთა სიებთან, შესაბამისად ექნებათ ხელზე მორგებული ერთჯერადი ხელთათმანები. ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე შევა პირბადით. იმ შემთხვევაში თუ ამომრჩეველს თან არ ექნება პირბადე, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის უზრუნველყოს. გარდა ამისა საარჩევნო კაბინაში შესვლამდე თითოეული ამომრჩეველი დაიმუშავებს ჰიგიენური საშუალებით ხელს და ისე მისცემს ხმას. რა თქმა უნდა, პერიოდულად მოხდება საარჩევნო კაბინის დეზინფექცია," - განაცხადა ანა მიქელაძემ.
მისი თქმით, პროცესების განვითარებასთან დაკავშირებით სხვადასხვა გეგმა მუშავდება და გათვალისწინებული იქნება საუკეთესო გამოცდილება იმ ქვეყნებისა, რომლებმაც პანდემიის პერიოდში არჩევნები ჩაატარეს.