"მინისტრის საათის" ფორმატში პარლამენტში მისულმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის ნატოსთან ურთიერთობაზე, რუსულ ოკუპაციასა და ამერიკასთან ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანა აგრძელებს ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას.
"საქართველოს წინაშე დღეს არსებულ უმთავრეს გამოწვევად რჩება რუსული ოკუპაცია. ჩვენ წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მივიღეთ უსაფრთხოების ურთულესი გარემო და ყოველდღიურად გვიწევს ე.წ. ბორდერიზაციასთან გამკლავება,"- განაცხადა მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნატო-საქართველოს განახლებულ არსებით პაკეტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
"დოკუმენტის ყველა ინიციატივა მიმართულია ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების, ნატო-სთან თავსებადობის ამაღლებისა და საქართველოს უსაფრთხოების სექტორის განმტკიცებისაკენ. დოკუმენტი წარმოადგენს ერთ-ერთ მძლავრ პრაქტიკულ მექანიზმს ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის.
საქართველო ნატო-ს ყველაზე სანდო მოკავშირეა რეგიონში. ჩვენი ჯარისკაცების დიდი დამსახურებაა, რომ საქართველოს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ჩვენ ვაგრძელებთ ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას შემდეგი პრინციპით - უფრო მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში.
აშშ-თან ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის ახლა. ეს არის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური პოზიცია,"-განაცხადა მინისტრმა.