მოსკოვი საქართველოსა და უკრაინის ლაბორატორიებში შტატების მხრიდან მიმდინარე ბიოლოგიურ აქტივობებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. ეუთოში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ლაბორატორიებში დახურული ექსპერიმენტების შესახებ საუბრობს. მისი მტკიცებით, ყურადღება ეთმობა ვირუსის მოდიფიკაციასა და მათი ინფექციურობის გაზრდას. ალექსანდრ ლუკაშევიჩი აცხადებს, რომ რუსეთის მოსაზღვრედ ექსპერიმენტების ჩატარება შემაშფოთებელია და ყველას აქვს უფლება, იცოდეს, სინამდვილეში რა ხდება ბიოლოგიურ ლაბორატორიებში. აშშ-მა დეზინფორმაცია უწოდა ქართული და უკრაინული ლაბორატორიების შესახებ რუსეთის განცხადებას.
რა მიზნები აქვს რუსეთის ასეთ განცხადებას, ამასთან დაკავშირებით კომენტარი პრემიერის მრჩეველმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ გააკეთა.
"რუსეთს აქვს ორი ამოცანა, ერთი - იგი არკვევს თავის ურთიერთობებს დასავლეთის ქვეყნებთან უპირველესად ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ამით ამტკიცებს, რომ აშშ რაოდენ ცუდად იქცევა რუსეთის სამეზობლოში, მეორე მხრივ, ის გარკვეულ შიდა პოლიტიკურ ამოცანებს ემსახურება, აჩვენებს თავის მოსახლეობას, როგორი მკაცრია საერთაშორისო სარბიელზე. ეს თემა ასე უფრო სჭირდებათ და მაინცდამაინც არ არიან დაინტერესებული ექსპერტების ვიზიტში. აბა, რა არის ამაში მიუღებელი, თუ გეპატიჟებიან, ჩადი, ნახე,"- აცხადებს ზურაბ აბაშიძე.
რუსეთის მიერ ლუგართან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციებს ჰიბრიდული ომის ლეგენდებს უწოდებს ოპოზიცია. მათი თქმით, რუსეთს არ მოსწონს ინსტიტუცია, რომელიც ხალხის სასარგებლოდ მუშაობს. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ რუსულ ანტიპროპაგანდას საინფორმაციო კამპანია უნდა დაუპირისპირდეს, თუმცა ისინი თვლიან, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ მხრივ საკმარისად აქტიური არაა.