18 ნოემბერი 2024,   03:26
ვრცლად
ძალიან კარგად მესმის რას ნიშნავს თითოეული ემიგრანტის დახმარება საქართველოსთვის ციფრებში - პრემიერის მიმართვა ქვეყანაში დაბრუნებულ მოქალაქეებს

ეროვნულ მუზეუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სამშობლოში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს ხვდებიან.

პრემიერმა საქართველოში პანდემიის გამო დაბრუნებულ მოქალაქეებთან საუბრისას აღნიშნა, რომ რაც უფრო მეტი ქართველი ახალგაზრდა მიიღებს განათლებას საზღვარგარეთ, ქვეყნის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია.

"მიხარია, რომ ჯანმრთელებს გხედავთ ჩვენს სამშობლოში. სამწუხაროდ, ბევრია ჯერ კიდევ ქართველი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც შრომობს საზღვარგარეთ, არაფერს ვამბობ იმ ხალხზე, ვინც სწავლობს. სწავლა უნდა მივიღოთ მსოფლიოს ჩვენთვის ნებისმიერ საინტერესო კუთხეში და რაც უფრო მეტი ქართველი ახალგაზრდა მიიღებს განათლებას საზღვარგარეთ, ქვეყნისთვის არის მხოლოდ და მხოლოდ კარგი," –განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია ამბობს, რომ ძალიან კარგად ესმის, რას ნიშნავს თითოეული ემიგრანტის დახმარება საქართველოსთვის. 

"რაც უფრო მეტი ახალგაზრდა მიიღებს განათლებას საზღვარგარეთ, ეს ქვეყნისთვის კარგია. ჩვენ რაც შევძელით, ის გავაკეთეთ, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობდით მივსულიყავით თითოეულ შემთხვევამდე. ჯერ კიდევ არ დასრულებულა ყველაფერი, ძალიან ბევრი ქართველია ამჯერადაც საზღვარგარეთ. ჩვენ ისინი აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ სამშობლოში და შრომისა და არსებობის პირობები შევუქმნათ. ამდენი ადამიანის ქვეყანაში დაბრუნება არ არის მარტივი, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ასეთ კრიზისში ხარ. 

მინდა გამოვყო ამერიკიდან ჩამოსული ახალგაზრდების ამბავი, ეს დაგეგმილი სპეციალური და ერთობლივი ღონისძიება იყო. ახლა კი ერთი სული გვაქვს, რომ ის ახალგაზრდები, ვინც განათლებას იქ იღებდნენ, პანდემიის დასრულების შემდეგ დავაბრუნოთ უკან. 

ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს ციფრებში თითოეული ემიგრანტის დახმარება საქართველოსთვის, ამის ახსნა მე არ მჭირდება. ასევე, ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს ის ცოდნა და კომპეტენცია, რომელიც საზღვარგარეთ არის მიღებული და რას ნიშნავს ამის საქართველოში ჩამოტანა,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ამ ქვეყანას ყველაზე უფრო განათლებული ახალი თაობა სჭირდება.

"ამ ქვეყანას სჭირდება ყველაზე უფრო განათლებული ახალი თაობა. ამ ქვეყნის ყველა სფეროს სჭირდება ახალი ელიტები ყველგან – კულტურაში, ეკონომიკაში, განათლებაში, სპორტში, ყველგან და ეს ხართ თქვენ. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოზრდილი თაობა აქ შევინარჩუნოთ და ის გამოცდილება, რაც მიიღეს იქ, მოვახმაროთ ამ ქვეყანას და ახალგაზრდები გაგიშვათ ისევ უკან, მიიღოთ კარგი განათლება და დაგვიბრუნდეთ რაც შეიძლება სწრაფად. ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა," – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი კი ამბობს, რომ უცხოეთიდან 12 700 მოქალაქის დაბრუნება სამშობლოში ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა - დიდი მიღწევაა. 

"ის ფაქტი, რომ საქართველოში უცხოეთიდან 12 700 მოქალაქე დავაბრუნეთ, ეს ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა - ძალიან სერიოზული მიღწევაა. ჩვენ ადგილზე ვეხმარებოდით გაჭირვებაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს. ამ პერიოდში 74 სპეციალური რეისი განხორციელდა, ამ პროცესში კი ჩართული იყო ქართული ავიაკომპანია. დღეს რომ ეს ადამიანები ჩვენს გვერდით არიან სწორედ კოორდინირებული საქმიანობის შედეგია,"- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. 

 

 

დღის ამბები