საქართველოში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, სპეციალისტები პროგნოზირებენ, რომ შემოდგომას მოსალოდნელია ვირუსის მეორე ტალღა. ეს კი დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს ემთხვევა, რის ირგვლივაც არასამთავრობო ორგანიზაციები გარკვეულ საფრთხეებზე მიანიშნებენ.
ისინი ფიქრობენ, რომ თუ ვირუსის გავრცელების ტემპი საქართველოში უკონტროლო იქნება, უნდა განიხილონ არჩვენების თარიღის შეცლის ვერსია. ამის აუცილებლობას კი პოლიტიკოსთა ნაწილი ვერ ხედავს.
რომან გოცირიძის მოსაზრებით, ხელისუფლება პანდემიის საკუთარ თავზე მორგებას ყველა შემთხვევაში შეეცდება.
"ხელისუფლება პანდემიას პირდაპირ საარჩევნო პერიოდშიც გამოიყენებს. ისინი ყველანაირად ეცდებიან, რომ ეს პროცესები საკუთარ თავზე მოირგონ. შესაძლოა ხელახალი ჯარიმების დაწესებაც კი მოხდეს, მაგრამ ასე არ იქნება, არჩევნები ჩატარდება და მას ჩვენ მოვიგებთ," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე.
"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე ოთარ კახიძეც იმავე აზრზეა და აცხადებს, რომ როგორც ჯანმრთელი ექიმები კონტაქტობენ ინფიცირებულ პაციენტებთან, შესაბამისი წესების დაცვითა და ეკიპირებით, ასევე უნდა მოხდეს არჩევნების დღესაც.
"ინფიცირებულ ადამიანთან არაინფიცირებული ექიმი ხომ ახერხებს შესვლას, აღჭურვილობით და ეკიპირებით. სწორედ ამ პრინციპით შეიძლება ხმის მიცემა. რომ არ მოხდეს დაინფიცირება ამისათვის არის საჭირო ნორმების დაცვა," - აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე ოთარ კახიძე.
უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე კი ოპონენტების საპასუხოდ აცხადებს, რომ არჩევნები ჩატარდება, თუმცა მთავრობა იმაზე იზრუნებს, რომ ამით ადამიანების ჯანმრთელობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს.
"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარდეს, თუმცა ამით ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას კითხვის ნიშნის ქვეშ არ დავაყენებთ. რაც ნიშნავს იმას, რომ არჩევნები ჩატარდება, თუმცა ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ ამის შედეგად არავინ დაშავდეს,"- განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ.
ავტორი: მირიან გორგოძე