საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა გრძელდება, ამჯერად პროექტზე ბათუმში იმსჯელებენ.
ცვლილებების განხილვა აჭარის ტელევიზიით გადაიცემა, კომისიის წევრები აჭარაში უკვე ჩავიდნენ და ემზადებიან, რომ პირდაპირი ეთერის რეჟიმში მოქალაქეთა კითხვებს უპასუხონ.
აღსანიშნავია, რომ კომისიის საქმიანობაში არ მონაწილეობს "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა".
"კენჭისყრები იქნება თვის ბოლოს, ამიტომ, ჩვენ მასში აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას და მხარს დავუჭერთ საარჩევნო სისტემის ცვლილებას, მაგრამ მანამდე ბუნებრივია, რომ გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ოპოზიციური პარტია ჩათვლის, რომ ივანიშვილმა საკუთარი ამომრჩეველი მეორეჯერ მოატყუა,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე.
დამოუკიდებელი დეპუტატი მარიამ ჯაში კი აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად ხმები "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" გარეშეც ეყოფა. ის იმედს იტოვებს, რომ მმართველი გუნდი, საარჩევნო ცვლილებებს ყველა შემთხვევაში მიიღებს.
"თუკი ხელისუფლებას ნამდვილად აქვს პოლიტიკური ნება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები წარმატებით დასრულდეს, ის შეძლებს საკმარისი ხმების მობილიზებას, თუნდაც "ევროპული საქართველოსა და "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციების გამოკლებით. და თუკი ასეთი პოლიტიკური ნება რა არსებობს, მაშინ ეს პროექტი მეორეჯერ იქნება განწირული წარუმატებლობისათვის. მაგრამ, იმედს ვიტოვებ რომ მმართველი გუნდი ამას აღარ დაუშვებს,"- აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა.
თუკი ოპოზიცია საარჩევნო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს მთლიანად მათი ოპონენტების პასუხისმგებლობა იქნება. თუმცა, მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ ცვლილებები ოპოზიციის ხმების გარეშეც მიიღება.
"მათ მოგონილ ნარატივში, ისინი აგრძელებენ ამ მოთხოვნის გახმოვანებას. მათი პასუხისმგებლობა იქნება დაუჭერენ თუ არა მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს. თუმცა, ეს ცვლილებები ნებისმიერ შემთხვევაში მაინც გავა. მაგრამ "ნაცებსა" და "ევროპულ საქართველოს" მოუწევს არჩევნების კონტექსტში ქართული საზოგადოების წინაშე პასუხისგება," - აღნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.