მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას, რომ ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნებზე ერთიანი სიით გავიდნენ, "ევროპული საქართველოს" ლიდერი უდროო ინიციატივას უწოდებს. გიგა ბოკერიას თქმით, სააკაშვილის ინიციატივა პოლიტიკური გარემოს ორპოლუსიანად წარმოჩენას უწყობს ხელს, ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიზანიც და მისი პარტია არ აპირებს ივანიშვილს ამ ამოცანის შესრულებაში შეუწყოს ხელი.
"ევროპულ საქართველოში" ეჭვობენ, რომ სააკაშვილის ინიციატივა, შესაძლოა მაჟორიტარებზე შეთანხმების ჩაშლის საბაბად იქნეს გამოყენებული:
"პოლიტიკური ვითარების ორპოლუსიანად დახატვა აწყობს ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს, ეს არის მათი ამოცანა და არ გამოხატავს რეალობას, იმიტომ რომ ოპოზიცია არის მრავალფეროვანი და ამომრჩევლის წარმოდგენებიც და პოზიციაც არის მრავალფეროვანი. ამიტომ არ უნდა შევუწყოთ ივანიშვილს ამ ამოცანაში ხელი. ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ მაჟორიტარებზე კოორდინირება და ცალცალკე გამოსვლა, სწორედ ორივე ამოცანას პასუხობს. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს უდროო ინიციატივა არ იქნება გამოყენებული საბაბად მაჟორიოტარებზე შეთანხმების ჩასაშლელად," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ კიევიდან მოუწოდებს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ამჯერად უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი მიესალმება ნაბიჯებს, რომელიც მაჟორიტარების კუთხით, კოორდინაციისთვის გადაიდგა, მაგრამ მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი არ არის. სააკაშვილი ამბობს, რომ ახლა ყველამ უნდა გადადოს ამბიციები გვერდზე და ყველა ოპოზიციური ჯგუფი ერთიან სიაში გაერთიანდეს.