პარტია "ახალი საქართველოს" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საერთო საარჩევნო სიასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებას ძალიან საინტერესოს უწოდებს:
"მე და "ახალი საქართველოს" გუნდი ვიყავით ერთ-ერთი ინიციატორები და ვრჩებით ოპოზიციური ძალების კონსოლიდაციისა და გამარჯვების იდეის გარშემო ერთიანობის მომხრე.
ვთვლით, ნებისმიერი იდეა და წინადადება, რომელიც ამ მიზანს ემსახურება მისასალმებელი და მისაღებია ჩვენთვის.
შესაბამისად, ძალიან საინტერესოა მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს შორის უფრო მეტ კოორდინაციასა და არჩევნებზე საერთო ფრონტით გასვლას გულისხმობს.
ამასთან, კოორდინაციის პირველ ეტაპად მიგვაჩნია მაჟორიტარობის საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება.
ძალა ერთობაშია მეგობრებო და არა დაპირისპირებასა და ურთიერთწინააღმდეგობაში," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ კიევიდან მოუწოდებს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ამჯერად უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი მიესალმება ნაბიჯებს, რომელიც მაჟორიტარების კუთხით, კოორდინაციისთვის გადაიდგა, მაგრამ მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი არ არის. სააკაშვილი ამბობს, რომ ახლა ყველამ უნდა გადადოს ამბიციები გვერდზე და ყველა ოპოზიციური ჯგუფი ერთიან სიაში გაერთიანდეს.