18 ნოემბერი 2024,   03:31
ვრცლად
შედგება თუ არა ოპოზიციის ერთიანი სია - მიხეილ სააკაშვილმა შეთავაზებაზე 5 პარტიისგან მიიღო უარი

თბილისში ერთი მაგიდის გარშემო გაერთიანებულმა ოპოზიციამ შეთავაზება კიევიდან მიიღო. მიხეილ სააკაშვილმა ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვის დაანონსებიდან ორ დღეში, დღეს, პირველი ინიციატივის შესახებ განაცხადა - ერთიანი სია ერთიანი ბრძოლისთვის. უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე ასახელებს იმ სიის ფორმირების პრინციპსაც, სადაც ადგილი 30 პარტიის წევრებისთვის უნდა მოიძებნოს.
სააკაშვილმა 5 პარტიისგან უკვე მიიღო უარი, მათ შორის ოპოზიციის ერთიანი სიის შექმნას არ ეთანხმებიან "ევროპული საქართველო", "რესპუბლიკელები" და "ერთიანი საქართველო".

დუმილს ინარჩუნებენ "ლეიბორისტები". "ლელო" და "გირჩი" კი, რომლებიც არც მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებში განიხილავდნენ საკუთარ თავს, საარჩევნო საერთო სიაზე მსჯელობას საერთოდ არ გეგმავენ.

მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა საინტერესო აღმოჩნდა გიორგი ვაშაძისთვის - "ახალი საქართველოს" ლიდერი მზადაა, ამ თემაზე კონსულტაციები დაიწყოს.

ყოფილი პრეზიდენტის წინადადებით დაინტერესდა "ედპ". შეთავაზებას ეთანხმება თაკო ჩარკვიანიც, რომელმაც იდეის მოწინააღმდეგე კოლეგები დღეს მწვავედ გააკრიტიკა და ისინი ბიძინა ივანიშვილის გეგმის შესრულებაში ღიად დაადანაშაულა.

რატომ უნდა შედგეს ოპოზიციის ერთიანი სია? - "ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ ხედვაზე დღეს ისევ კიევიდან, ამჯერად, ხატია დეკანოიძემ ისაუბრა.

გაერთიანებულ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს შორიდან აკვირდება მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ მრგვალი მაგიდის გარშემო შეკრებილ პარტიებს შორის უთანხმოებაა.

ბოლო სამი დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილმა მეორე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა და მეორედ დაიმსახურა გაერთიანებულ ოპოზიციის ნაწილის კრიტიკა.

დღის ამბები