18 ნოემბერი 2024,   03:26
ვრცლად
დისტანციურ რეჟიმში, მხოლოდ ორ ქალაქში და მხოლოდ რამდენიმე საათით - საარჩევნო კანონი განხილულია

საკითხი, რაზეც ყველაფერი თქვეს, დაწერეს და უჩვენეს, იდავეს, შეთანხმდნენ და შემდეგ - ისევ იდავეს, მაინც არ ამოწურულა. მეორე და ბოლო საჯარო განხილვით საკონსტიტუციო ცვლილებების ჯერ მხოლოდ სახალხო ნაწილია ამოწურული, ახლა საპარლამენტო ნაწილის დროა. საყოველთაო მოსმენის ადგილად ბათუმის დრამატული თეატრი შეირჩა, ქართული პოლიტიკა კი, რომლისთვისაც არც დრამატიზმი და არც თეატრალურობაა უცხო, პროცესში ლოგიკურ დასასრულს ელის. დისტანციურ განხილვებზე დაგროვებული შენიშვნები ერთ ოქმში მოიყრის თავს და 18 ივნისს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დაბრუნდება.

კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე მსჯელობას აქამდე გეოგრაფიული მასშტაბიც დიდი ჰქონდა და დროც მეტი ეთმობოდა. პანდემიამ ტრადიცია შეცვალა. დისტანციურ რეჟიმში, მხოლოდ ორ ქალაქში და მხოლოდ რამდენიმე საათით  - საარჩევნო კანონი განხილულია. მოსახლეობის შეკითხვები, რომლებსაც ისინი ელექტრონულად გზავნიდნენ, ძირითადად იმას ეხებოდა, თუ რამდენად საკმარისი იქნებოდა რეგიონების წარმომადგენლები პარლამენტში, რა პრინციპით აერთიანებენ ოლქებს და ხომ არ შეუშლის პანდემია ხელს არჩევნებს.

აჭარაში ”ქართულ ოცნებას” მხოლოდ ”პატრიოტების” და ”დამოუკიდებლების” ფრაქცია ჩაჰყვა, ანუ ისინი,ვინც 120-30-ზე საარჩევნო მოდელს პირობების გარეშე უჭერენ მხარს და მის მიღებას საკვანძოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. ოპოზიციის ეს ნაწილი ფიქრობს,რომ თუ მმართველ გუნდს სხვა გეგმები არ ამოძრავებს, პროექტს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს.

ყველაზე მეტად განხილვადი საკითხის ხელახლა განხილვა პირობების მქონე ოპოზიციისთვის უბრალო ფორმალობაა, სწორედ ამიტომ, მასში ჩართვა არ ისურვეს. მას შემდეგ, რაც მათი პირობების სიას 2 გვარი გამოაკლდა, მოთხოვნა მხოლოდ გიორგი რურუას გათავისუფლებაა, ამის გარეშე საარჩევნო პროექტს მხარს არ დაუჭერენ.

ის, რაზეც ოპოზიცია საუბრობს, უმრავლესობის ლიდერისთვის მოგონილი ნარატივია. მამუკა მდინარაძე თვლის, რომ ოპონენტებს საზოგადოებასთან იმის განმარტება მოუწევთ, თუ რატომ არ დაუჭირეს მხარი პროექტს, რომელსაც თავადვე მოაწერეს ხელი, თუ, რა თქმა უნდა, პროცესები აქამდე მივა.

21 ივნისის საპარლამენტო სესიაზე პროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ, მას სულ 3 მოსმენა სჭირდება. კონსესუსისთვის დრო ჯერ კიდევ არსებობს.

დღის ამბები