18 ნოემბერი 2024,   03:31
ვრცლად
ჯანმრთელობით როცა სპეკულირებს პოლიტიკური ძალა, ეს არის ბინძური პოლიტიკური თამაში - ოპოზიცია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

საპარალამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის გამო, არჩევნებმა დეკემბერში გადაიწიოს. ირაკლი კობახიძე ამ სავარაუდო სცენარს იმ შემთხვევაში განიხილავს თუ COVID-19-ის მეორე ტალღა ოქტომბრამდე იქნება და მთავრობას ოქტომბერში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება კიდევ ერთხელ მოუწევს. მისი განცხადებით, კანონით მიხედვით არჩევნები უნდა ჩატარდეს საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან არაუადრეს 45 და არაუგვიანეს 60 დღისა. ეს შეიძლება იყოს, დეკემბერი ან იანვარი.

ირაკლი კობახიძე კონსტიტუციის მიხედვით გაწერილ წესებზე საუბრობს და იმედოვნებს, რომ ეს ასე არ მოხდება. ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას უკვე მოჰყვა კრიტიკა ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში.

ოპოზიციის წევრების განცხადებით, ახლა არჩევნების შესაძლო გადავადებასთან დაკავშირებით საუბრები მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციებია და ეს ქვეყნის შიდა დემოკრატიულ პროცესებზე უარყოფითად აისახება.

"ქართული ოცნება" არის შესული ძალიან მძიმე ვითარებაში. მათ არჩევნებში ემუქრებათ გარდაუვალი პოლიტიკური მარცხი. მიუხედავად იმისა, ეს არჩევნები როდის ჩატარდება ხვალ, ოქტომბერში თუ დეკემბერში. მაგრამ რა თქმა უნდა, ამის მიუხედავად არავინ აპირებს, რომ "ქართულ ოცნებას" მისცეს შესაძლებლობა დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუცია. დაარღვიოს ჩვენი მოქალაქეების უფლება, რომ პერიოდული არჩევნების გზით შეცვალოს ქვეყანაში ხელისუფლება. ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციის გზით ვაპირებთ ძალიან აქტიურად გამოვეხმაუროთ იმ განცხადებებს, რაც "ქართულმა ოცნებამ" გააკეთა," - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა.

"ევროპული საქართველოს" წევრის გიორგი კანდელაკის თქმით, ყოველგვარ სპეკულაციას არჩევნების გადადების შესახებ ობიექტური საფუძველი არ გააჩნია.

"ჯანმრთელობით როდესაც სპეკულირებს პოლიტიკური ძალა, ეს არის ბინძური პოლიტიკური თამაში. დღევანდელი მდგომარეობით არჩევნებს ოქტომბრის ბოლოს არანაირი პრობლემა არ ექნება. გახარია ახლა იძახის, რომ ყველგან უნდა გვქონდეს მასობრივი ტესტირების მექანიზმი, მე როგორც ვხედავ სპეციალურად აჭიანურებენ ამ პროცესს, რომ მათ ჰქონდეთ გეგმა "ბე". თუ ოქტომბრის ბოლოს მათ ექნებათ მძიმე რეიტინგები, ისინი შეეცდებიან გადაიტანონ ოქტომბრის ბოლოსკენ. ეს არის ცეცხლთან თამაში," - აღნიშნა "ახალი საქართველოს" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები