საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა ის დახურული სივრცეები, სადაც პირბადის ტარება სავალდებულო იქნება, დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კანონით გათვალისწინებული ჯარიმები დაეკისრებათ.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღებებში, ე.წ. „ფრონტ ოფისებში“, „ფრონტ“ ნაწილზე, სადაც ყველაზე მეტი შეხებაა მოქალაქეებთან და ადამიანების დიდი რაოდენობა იყრის თავს, ასევე, საჯარო და კერძო დაწესებულებებში გამართულ შეხვედრებზე, თავშეყრისას, სადაც შეუძლებელია 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა. ასევე, შეხვედრებზე, თავშეყრისას გამომსვლელს, მომხსენებელს, შეუძლია, არ გამოიყენოს პირბადე - გამოსვლისას, მოხსენებისას, პრეზენტაციისას.
პირბადის გამოყენება სავალდებულო იქნება საერთო სარგებლობის ლიფტებსა და სავაჭრო ობიექტებში, სილამაზის სალონებსა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აგრეთვე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
პირბადის ტარების ვალდებულება არ გავრცელდება და ეს წესი არ შეეხება 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, ასევე, იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სასუნთქი სისტემის პრობლემა, მათ შორის, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ბრონქული ასთმა, აგრეთვე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და კიდევ გარკვეული კატეგორიის პირებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეუძლიათ პირბადის ტარება.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით გაიმართა, საქართველოში ეკონომიკის გახსნის პარალელურად გაზრდილი ეპიდემიოლოგიური რისკების მინიმიზაციისთვის ამ ეტაპზე განსახორციელებელი დამატებითი ღონისძიებებიც განიხილეს.
გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც ორის წარმომავლობა უცნობია. ამ ეტაპზე ქვეყანაში ჯამურად, წყარო დაუდგენელია ინფიცირების 12 შემთხვევაში, რაც მნიშვნელოვნად ზრდის რისკებს და განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს.
საბჭოს წევრებმა განიხილეს გაზრდილი მობილობისა და შიდა ტურიზმის გახსნის პირობებში რისკების მართვის მექანიზმები. ამ მიზნით, მკაცრად კონტროლდება დადგენილი წესები და სტანდარტები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის რესტორნებსა თუ სარეკრეაციო სივრცეებში, დარღვევების შემთხვევაში კი გამოყენებულია კანონით დადგენილი ჯარიმები. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა გეგმური ინსპექტორების ფარგლებში გასული რამდენიმე დღის განმავლობაში 26 რესტორანი შეამოწმა, რომელთაგან 16 სანქციებს დაექვემდებარა.
დადგენილი წესების აღსრულება კონტროლდება სასტუმროებშიც. დღევანდელი მდგომარეობით შემოწმებული 939 სასტუმროდან, 150-ს მუშაობის განახლების ნებართვა მიეცა, 175-მა დადგენილი წესები ვერ დააკმაყოფილა და ისინი დამატებით შემოწმდებიან, დარჩენილმა ნაწილმა კი სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად დამატებითი დრო ითხოვა.
საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ კორონავირუსთან ბრძოლის ამ ეტაპზე კიდევ ერთი დამატებითი ინსტრუმენტია ტესტირების სისტემა, ვინაიდან შესაძლო შემთხვევების დროულ იდენტიფიცირებასა და მკურნალობას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად, მთავრობის დადგენილებით, უახლოეს პერიოდში განისაზღვრება ის მაღალი რისკის ჯგუფები, რომელთაც სავალდებულო PCR ტესტირება მუდმივად ჩაუტარდებათ.
ამასთანავე, კვლავ ძალაში რჩება რეკომენდაცია, რომლის თანახმად, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობენ.
არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები დღეიდან მოიხსნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში, ხოლო სოფელ მუშევანში მკაცრი კარანტინის რეჟიმი ჯერ ისევ შენარჩუნდება.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 879 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 704 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 14 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2710 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 267 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.