მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა საერთო საარჩევნო სიის შესახებ ოპოზიციაში ისევ განხილვისა და შეფასებების თემაა.
პარტიების ნაწილი შეთავაზებას არ ეთანხმება და მკაფიო პოზიცია აქვს, გაერთიანების "ძალა ერთობაშია" ლიდერები კი ამბობენ, რომ საკითხზე მსჯელობის დაწყება შეიძლება.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ოპოზიციას არჩევნებში ერთიანი სიით მონაწილეობა შესთავაზა.
პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილის სალომე სამადაშვილის განცხადებით, მიზნის განსახორციელებლად ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა.
"ოპოზიციაში არსებობს სხვადასხვა აზრები, როგორ ჯობია ამ მიზნის განხორციელება. სააკაშვილმა წარმოადგინა თავისი ხედვა და ჩვენი მხრიდან აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს. თუმცა ეს აზრი სხვა პარტიების თანამონაწილეობას მოითხოვს,"- აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრი ირაკლი აბესაძე აღნიშნავს, რომ აუცილებელია ამ არჩევნებზე მოსახლეობას არჩევანის თავისუფლება ჰქონდეს.
"ჩვენ სწორად მიგვაჩნია, რომ ამომრჩეველს დავუტოვოთ არჩევნის თავისუფლება და მრავალფეროვნება. ოპოზიციური პარტიები მზად არიან კოალიციურად შექმნან მთავრობა და ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას ჩამოაშორონ,"- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციურ სპექტრს ინიციატივით მიმართა - შექმნან ერთიანი სია ერთიანი ბრძოლისთვის.
უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარემ იმ სიის ფორმირების პრინციპი დაასახელა, სადაც ადგილი 30 პარტიის წევრებისთვის უნდა მოიძებნოს.
სააკაშვილმა 5 პარტიისგან უკვე მიიღო უარი, მათ შორის ოპოზიციის ერთიანი სიის შექმნას არ ეთანხმებიან "ევროპული საქართველო", "რესპუბლიკელები" და "ერთიანი საქართველო".
დუმილს ინარჩუნებენ "ლეიბორისტები". "ლელო" და "გირჩი" კი, რომლებიც არც მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებში განიხილავდნენ საკუთარ თავს, საარჩევნო საერთო სიაზე მსჯელობას საერთოდ არ გეგმავენ.