18 ნოემბერი 2024,   03:24
ვრცლად
"ისევ გვისმენენ" - სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშს ფარული მიყურადების ფაქტებზე დეპუტატები აფასებენ

სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშს, რომელიც ფარულ მიყურადებას ეხება, ოპოზიცია საგანგაშოს უწოდებს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ფარული მიყურადება ადამიანის კონსტიტუციური უფლების დარღვევაა და სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

"კონკრეტული ანგარიში, თუ ადასტურებს იმას, რომ ადამიანების მიყურადებას სისტემატიური ხასიათი აქვს, ეს არის ძალიან უხეში დარღვევა ჩვენი კონსტიტუციური უფლებების და უნდა დაიწყოს გამოძიება და გატარდეს შესაბამისი ზომები, თუმცა არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს მოხდეს დღევანდელი ხელისუფლების პირობებში,"- აცხადებს სალომე სამადაშვილი.

"ევროპულ საქართველოში" კი აქცენტს პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროებაზე აკეთებენ და ამბობენ, რომ ეს ფაქტები დღემდე გამოუძიებელია.

"როდესაც ადამიანის პირადი ცხოვრების დაცულობაზე ვსაუბრობთ, მუდმივად გვახსენდება დღემდე გამოუძიებელი საკითხები, რომელიც ეხება ამ ხელისუფლების პირობებში პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროებას და პირადი ცხოვრებით შანტაჟს," - აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ აბესაძე. 

"დაცულობაში იგულისხმება თუნდაც ეს უკანონო მოსმენები, თვალთვალი იქნება თუ სხვა მიყურადების არაკანონიერი ფაქტები. ასეთ თემაზე ინსპექტორი უბრალოდ კი არ უნდა მოდიოდეს, თემას უბრალოდ კი არ უნდა ხსნიდეს, უნდა მოჰქონდეს დამუშავებული, კონკრეტულად დადასტურებული ფაქტები და თავის მხრიდან რეკომენდირებული დასკვნები. ეს არის მისი მოვალეობა და მისი მხრიდან საკითხზე უბრალოდ ყურადღების გამახვილება საკმარისი არ არის," - აცხადებს ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე. 

სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშს დადებითად აფასებს მმართველი გუნდი.

"პოზიტიური დინამიკაა როგორც საზოგადოების მომართვიანობის და საკუთარი უფლებების დაცვის, რაც ერთ-ერთი ფაქტორია, რომ მიდგომა გაუმჯობესდეს და ასევე სწრაფი რეაგირება, სამართალდარღვევის შემთხვევაში,"- აცხადებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

დღეს პარლამენტში სახელმწიფო ინსპექტორმა 2019 წლის ანგარიში წარადგინა. ლონდა თოლორაია კონკრეტულ დარღვევებზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების უმეტესი ნაწილი შეეხება სატელეფონო ფარულ მიყურადებასა და ჩაწერას. ამ მიმართულებით სასამართლოს მხრიდან 1,362 განჩინება გაიცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 98 შემთხვევაში შეჩერების მექანიზმი გამოიყენა. სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებით, უწყება ამოწმებს რამდენად კანონიერად ხორციელდება ეს მოქმედებები, სამსახურმა დაადგინა სამართალდარღვევის 4 ფაქტი და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას.

დღის ამბები