გაერთიანებულმა ოპოზიციამ "ძალა ერთობაშია" შესაძლოა ერთიან სიაზე მუშაობა დაიწყოს. ოპოზიციის წარმომადგენლები თვლიან, რომ პარტიებს უფლება აქვთ ის გადაწყვეტილება მიიღონ, რაც მათ გონივრულად მიაჩნიათ.
"ახალი საქართველოს" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, აუცილებელია საბოლოო გადაწყვეტილება იყოს საღ აზრზე იყოს დაფუძნებული.
"ყველა მოსაზრებას აქვს შესაბამისი დასაბუთება. მყისიერად არაფერს უარვყოფთ. ყველაფერს დრო გვიჩვენებს. საღი აზრიდან გამომდინარე უნდა მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
"საქართველოს ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა დავითაია აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" და "ძალა ერთობაშია" ერთმანეთს მწვავე კონკურენციას გაუწევენ.
”ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ორპოლუსიანობა ამ პერიოდში დამღუპველია.
"თავისი ბლოკის შიგნით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ თავიანთი საქმეა და გაგებით ვეკიდებით ამ ყველაფერს. ვფიქრობ, რომ ორპოლუსიანობა იქნება დამღუპველი ამ ეტაპზე,"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა პირველი ინიციატივის შესახებ განაცხადა - ერთიანი სია ერთიანი ბრძოლისთვის.
უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარემ დაასახელა იმ სიის ფორმირების პრინციპი, სადაც ადგილი 30 პარტიის წევრებისთვის უნდა მოიძებნოს.
სააკაშვილმა 5 პარტიისგან უკვე მიიღო უარი, მათ შორის ოპოზიციის ერთიანი სიის შექმნას არ ეთანხმებიან "ევროპული საქართველო", "რესპუბლიკელები" და "ერთიანი საქართველო".
დუმილს ინარჩუნებენ "ლეიბორისტები". "ლელო" და "გირჩი" კი, რომლებიც არც მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებში განიხილავდნენ საკუთარ თავს, საარჩევნო საერთო სიაზე მსჯელობას საერთოდ არ გეგმავენ.