პარლამენტი ანტიკრიზისული ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტის განხილვას განაგრძობს. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" შემდეგ დოკუმენტს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრებს წარუდგენს.
ოპოზიციას შენიშვნები და კრიტიკული კითხვები აქვს. "ევროპული საქართველოს" წევრების თქმით, ანტიკრიზისული ბიუჯეტი არ პასუხობს იმ საჭიროებებს, რომელიც მოქალაქეებს და ბიზნესის წარმომადგენლებს გააჩნიათ.
"წელს დამატებით 8 მილიარდ ვალს ვიღებთ და ეს იმ პირობებში, როდესაც მთავრობამ საკუთარი ხარჯი მხოლოდ 300 მილიონით შეიმცირა და გვეუბნება, ვითომ ქამრებს იჭერს. ანუ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ხარჯს არ იმცირებს, ბიუროკრატიულ პროექტებს არ ამცირებს, საკუთარ ფუფუნებაზე უარს არ ამბობს და 8 მილიარდიანი ვალით ვაპირებთ ეკონომიკის ფეხზე დაყენებას. ღმერთმა დაგვიფაროს, 8,5% დეფიციტი აქვს ამ ახალ ბიუჯეტს. ოდნავ რომ ახალი ტალღა წამოვიდეს ან ეკონომიკური კრიზისი გაღრმავდეს საერთოდ კოლაფსში აღმოჩნდება საქართველოს ეკონომიკა," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ.
"გამოსავალი არის ორი - რაც შეიძლება მეტად დავეხმაროთ ხალხს, თუმცა "ქართული ოცნების" მიერ გამოცხადებული ფულადი დახმარების პროგრამა საერთოდ ვერ პასუხობს იმ საჭიროებებს, რაც ხალხს უდგას," - აღნიშნა "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ფრაქციების გარდა, ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტს დღეს საკომიტეტო მოსმენებზეც განიხილავენ.
"ათვისებები ბევრი მიმართულებით ვერ მოხერხდა. ასევე იყო ჭარბი ათვისების ნაწილი, რომელიც გრანტს უკავშირდება და ამ შემთხვევაში ეს, რა თქმა უნდა პოზიტიური მიმართულებაა. ასევე იყო რთველის დაფინანსების თემა, რომლისთვისაც გამოყოფილია დაახლოებით 65 მილიონი ლარი და ამ თემასთან დაკავშირებით ალბათ სამუშაო შეხვედრები იქნება გასაგრძელებელი, რამდენად საკმარისი იქნება ის აღნიშნული მოსავლის დასაბინავებლად, ვინაიდან მოსალოდნელია ჭარბი ყურძენი," - აღნიშნა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ.
"ჩვენ დღეს ბიუჯეტს ვცვლით ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, იმის მიხედვით, თუ რა ზიანი მოუტანა ქვეყანას პანდემიამ და შესაბამისად, ამის საპასუხოდ ხდება საბიუჯეტო ცვლილებები. სისტემურ მიმართულებებს ნამდვილად ვერ შევეხებით, თუ რაიმე დამატებითი პროექტის დაფინანსება უნდა მოხდეს, ერთის მხრივ ეს აუცილებელია პანდემიაზე რეაგირების ნაწილში იყოს და მეორეს მხრივ აუცილებელია სხვა რომელიმე პროექტი შემცირდეს. შესაბამისად, ძალიან რთული იქნება წარმოთქმული შენიშვნების გათვალისწინება," - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.