18 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
დოკუმენტი არც მოქალაქეების და არც ბიზნესის საჭიროებებს არ პასუხობს - "ევროპული საქართველოს" შენიშვნები კორექტირებულ ბიუჯეტზე

პარლამენტი ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტის განხილვას განაგრძობს. "ნაციონალური მოძრაობის" შემდეგ, ის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ფრაქცია "ევროპულ საქართველოს", ასევე გარემოს დაცვისა და აგრარულ კომიტეტს წარუდგინა.

ოპოზიციას შენიშვნები და კრიტიკული კითხვები ჰქონდა. "ევროპული საქართველო" თვლის, რომ მთავრობა ბიუროკრატიულ ხარჯს არ ამცირებს და ეკონომიკური პრობლემის მოგვარებას 8 მილიარდიანი ვალით აპირებს.

დოკუმენტი არც მოქალაქეების და არც ბიზნესის საჭიროებებს არ პასუხობს და მასში ბიუროკრატიული ხარჯები შემცირებული არ არის - ეს არის მთავარი შენიშვნა, რომელიც ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებისგან ისმოდა.

მთავარი კრიტიკის მიზეზი ამ პროექტში "ევროპული საქართველოსთვის" სწორედ 8 მილიარდიანი ვალია, რომელიც ამ პროექტით არის გათვალისწინებული.

ოპოზიციის მხრიდან შეკითხვების სპექტრი ფართო იყო. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები კითხვებთან ერთად საკუთარ შენიშვნებსაც აფიქსირებდნენ.

შეკითხვები შეეხებოდა როგორც სოციალურ დახმარებებს, ასევე საპენსიო ფონდს და განათლების მიმართულებას.

რაც შეეხება ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხს:

"ჩვენთან საგადასახადო წნეხი იმდენად დაბალია, რომ მისი შემცირება შეუძლებელს გახდის, ქვეყანა იყოს მდგრადი.

თქვენ გვთავაზობთ, რომ საპენსიო კანონი გავაუქმოთ და ვისაც რა ჰქონდა დაგროვილი დავუბრუნოთ უკან, სახელმწიფომ წამოიღოს თავისივე შეტანილი და ერთხელ და სამუდამოდ მორჩეს საპენსიო კანონი?

შემცირებას რაც შეეხება, 600 მილიონით მცირდება. ჩვენს პროგრამას და ჩვენს მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას ჩვენმა პარტნიორებმა ნდობა გამოუცხადეს და შესაბამისად გამოიყო ეს თანხები," - აცხადებს გიორგი კაკაურიძე.

კორექტირებული ბიუჯეტის პროექტის საპარლამენტო განხილვა დღეს დასრულებულია. პროექტს დეპუტატები ხვალ დაუბრუნდებიან, როგორც საკომიტეტო, ასევე ფრაქციის ფორმატში.

დღის ამბები