18 ნოემბერი 2024,   03:52
ვრცლად
ახალი დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის - კორონავირუსმა შესაძლოა საპარლამენტო არჩევნების თარიღი შეცვალოს

პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, რომელმაც არჩვენების თარიღის გადავადებასთან დაკავშირებით დისკუსია პირველმა დაიწყო, დღეს დამატებითი განმარტებების გაკეთება მოუწია. ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნების გადადების წინაპირობა მხოლოდ ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სურათი იქნება, რის გამოც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გახდება საჭირო. ამ პირობებში კი, არჩევნების ჩატარება კონსტიტუციით აკრძალულია. 

მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა დღეს ოპონენტების ბრალდებებსაც უპასუხა და "ქართული ოცნების" რეიტინგებზე აპელირებას პოლიტიკური სპეკულაციები უწოდა. ირაკლი კობახიძემ ისიც აღნიშნა, რომ არჩევნების თარიღის კონსტიტუციური ჩანაწერის შეცვლა დღის წესრიგში არ დგას და გუნდში ამაზე არ უმსჯელიათ.

ირაკლი კობახიძის ბრალდების ადრესატები კი მეორე დღეა ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება პანდემიის საბაბით არჩევნების თარიღის შესაცვლელად ემზადება, იმისთვის, რომ ძალაუფლება გაიხანგრძლივოს. მათი შეფასებით, ხელისუფლება დროის მოგებას ცდილობს, რადგან ქვეყანაში შექმნილი სოციალური ფონის გამო მოსახლეობის უკმაყოფილება იზრდება, ამის პარალელურად კი, მმართველი გუნდის პარტიული რეიტინგები იკლებს. ოპოზიციონერები ამბობენ, რომ რეალური საფუძვლის გარეშე არჩევნების თარიღის ცვლილება ძალაუფლების უზურპაციაა და მმართველ გუნდს ამის გამო პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. 

მმართველი პარტიის ლიდერებს პოლიტიკური კალენდრის პირად ინტერესებზე მორგების მცდელობაში სდებს ბრალს დავით ჭიჭინაძე, რომელიც კიდევ უფრო შორს მიდის და ფიქრობს, რომ არჩევნებს მმართველი გუნდი კი არ გადაავადებს, არამედ 31 ოქტომბრამდე ჩაატარებს. დავით ჭიჭინაძე არც იმას გამორიცხავს, რომ არჩევნების თარიღთან დაკავშირებული საკითხი დღის წესრიგში მმართველმა გუნდმა კონსტიტუციური ცვლილებებზე მსჯელობის დროს დააყენოს.

კიდევ ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია კი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი არჩევნების თარიღის გადმოწევას საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე ვერ შეძლებს, საკონსტიტუციო ცვლილებებს კი 113 ხმა სჭირდება.

სახელისუფლებო პარტიის ლიდერებს არასაპარლამენტო ოპოზიცია აფრთხილებს, არ დაუშვან პანდემიით მანიპულირება. ამბობენ, რომ ამომრჩეველმა ფუნდამენტური უფლების გამოყენება კონსტიტუციით დათქმულ ვადებში უნდა შეძლოს.

კონსტიტუციურ ვადებში არჩევნების ჩასატარებლად ემზადებიან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც, თუმცა ამბობენ, რომ მოვლენების განვითარების ნებისმიერი სცენარისთვისაც მზად არიან. როგორც ცესკოში განმარტავენ, პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარება მათთვის გამოწვევაა, თუმცა კენჭისყრის დღეს უსაფრთხოების განსაკუთრებული ნორმები იქნება დაცული.

ქვეყანაში არჩევნების ჩატარების კონსტიტუციური თარიღი ოქტობრის ბოლო შაბათია. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები დეკემბერში ან იანვარში ჩატარდება, უფლებამოსილების ვადა გაუხანგრძლივდება მოქმედ პარლამენტს, მეათე მოწვევის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო კი 4 წლის ნაცვლად, თითქმის 5 წლის ვადით დაკომპლექტდება. 

დღის ამბები