18 ნოემბერი 2024,   03:49
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის გზავნილები ოპოზიციას - ექნება თუ არა გავლენა ყოფილი პრეზიდენტის ინიციტივას საქართველოს ოპოზიციურ სპექტრზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის გაერთიანებას არა მხოლოდ ერთიანობით, არამედ საერთო სიით ხედავს.

პოლიტიკურმა პროცესებმა უკვე აჩვენა, რომ ერთიანობა პროპორციულ მანდატებზე ვერ გავრცელდებოდა. მეტიც, შეთანხმების არეალი ბოლოს თბილისის 8 ოლქამდე დავიდა. ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის გზავნილმა ოპოზიცია ისევ აალაპარაკა.

რა იქნება, თუ ამგვარი ერთობა არ შედგა? - ვიდრე ოპოზიციის ერთ ნაწილს მიხეილ სააკაშვილის კარნახით პოლიტიკის კეთება ცალსახად არ სურს, მეორე ნაწილი ალტერნატივებს განიხილავს.

ეს ალტერნატივა კი, შესაძლოა "გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას" ალიანსში გაჩნდეს. "საქართველოს ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა დავითაია ამ პერსპექტივას ნათლად ხედავს, მით უმეტეს, რომ ამ ერთობის სხვა წევრები კატეგორიულ უარზე არ არიან.

ოპოზიციის სხვა წევრები კი აცხადებენ, რომ მთავარი ამოცანა მოქალაქეების თავისუფალი არჩევანია და ორპოლუსიანობა ქვეყანამ წარსულს უნდა ჩააბაროს.

შესაბამისად, ოპოზიციური გაერთიანების ის ნაწილი, ვინც სააკაშვილის იდეას არ იზიარებს, იმასაც ფიქრობს, რომ ეს უფრო მეტად "ქართული ოცნების" სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა, ვიდრე ოპოზიციის წარმატებისთვის, მით უმეტეს, რომ ერთიანი სია ოპოზიციის მრავალფეროვნების გამო რეალობისგან მოწყვეტილად მიაჩნიათ.

თუ რა გავლენა ექნება მიხეილ სააკაშვილის გზავნილებს ოპოზიციის ნაბიჯებზე, ამ კითხვაზე პასუხი ივნისის ბოლოს გაირკვევა, პარალელურად ოპოზიციამ გადადებული შეხვედრა ისევ უნდა ჩანიშნოს იმ საკითხებზე შესათანხმებლად, რომელიც ჯერ კიდევ ღიად რჩება.

დღის ამბები