მართალია თუ არა "მწვანე სკოლის" დირექტორის განცხადება კამერების აღების თაობაზე ჯერ დაუდგენელია, რადგან "კურიერის" გადამღებ ჯგუფს სკოლაში შესვლის საშუალება არ მიეცა. კახა დავითური ამტკიცებს, რომ ხარვეზები, რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა "მწვანე სკოლაში" აღმოაჩინა, ამ დროისთვის აღმოფხვრილია.
მწვანე სკოლაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების შემდეგ შევიდა. სახელმწიფო ინსპექტორის წლიურ ანგარიშში კონკრეტული სკოლები დასახელებული არ არის, თუმცა ცნობილია ის კანონდარღვევები, რომელიც რამდენიმე სკოლაში მოხდა.
განათლების სამინისტრო დარწმუნებით აცხადებს, რომ ამ დროისთვის ინსპექტორის ანგარიშში ასახული კანონდარღვევები აღმოფხვრილია და სკოლები ამ მიმართულებით მკაცრად კონტროლდებიან.
სახელმწიფო ინსპექტორმა დღეს "მწვანე სკოლაში" მომხდარ გახმაურებულ საქმეზეც ისაუბრა, ლონდა თოლორაიას ინფორმაციით დადგინდა, რომ არასრულწლოვან ლუკა სირაძეზე გამომძიებელმა მარინა ჩოლოიანმა ფსიქოლოგიურად იძალადა. პერსონალური მონაცემების დაცვასა და უკანონო ვიდეო-აუდიო თვალთვალის მონიტორინგთან ერთად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სამოხელეო დანაშაულს, მათ შორის სამართალდამცველების მიერ ჩადენილ დანაშაულობებსაც იძიებს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ წლიური ანგარიში დღეს იურიდიული კომიტეტის "ქართული ოცნების" წევრებმა მოისმინეს. ოპოზიცია საკომიტეტო მოსმენას არ დაესწრო. ოპოზიციონერი დეპუტატების განმარტებით, მაშინ, როცა ხელისუფლება ტოტალურ თვალთვალს ახორციელებს, მსგავსი ანგარიშები მხოლოდ ფორმალობაა.
ანგარიშში არსებულ პრობლემებს არ უარყოფენ მმართველ პარტიაშიც. "ქართული ოცნების" წევრები დარწმუნებულები არიან, რომ ანგარიშში ასახული ხარვეზები აუცილებლად გამოსწორდება.
სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ 2019 წელს სასამართლოს მიერ, ფარული სატელეფონო მიყურადებისა და ჩაწერის მოთხოვნით 1,362 განჩინება გაიცა, აქედან 98 განჩინებაზე ინსპექტორის სამსახურმა შეჩერების მექანიზმი გამოიყენა.
ავტორი: მირიან გორგოძე