ოპოზიცია გიორგი გაბუნიას თემაზე სწრაფ და დეტალურ გამოძიებას ითხოვს. საქმე ეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც რუსეთის მხრიდან ჟურნალისტის მკვლელობა იყო დაკვეთილი.
რატომ შეიძლება მოსკოვს ქართველი ჟურნალისტის მოშორება მოენდომებინა - კითხვები არ არსებობს, ერთი წლის წინ გიორგი გაბუნიას ცნობილი მიმართვა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. მაშინ, რუსეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის ჟურნალისტს რამზან კადიროვი ღიად დაემუქრა.
საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები ფაქტს კატასტროფად აფასებენ და მის დროულ გამოძიებას ითხოვენ.
"პოლიტიკურად არის კატასტროფა, როდესაც ოკუპანტი ქვეყნის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის დავალებით შენს ქვეყანაში ასეთი რამ ხდება. თუ ხელისუფლება ითანამშრომლებს და სამუშაოდ ფართო კოალიციას შექმნის ჩვენს პარტნიორებთან, მაშინ ეს პოზიტიური სიგნალი იქნება იმისათვის, რომ აზრზე მოვიდნენ და მიხვდნენ, რომ ამის მიფუჩეჩება უბრალოდ არ შეიძლება. თუ ასე არ მოხდა, ეს ძალიან ცუდი რამ იქნება," - განაცხადა "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ.
"ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა აცხადებს, რომ ქვეყნის უსაფრთხოების სისტემა სრულიად მოშლილია.
"არამხოლოდ მოშლილია მთლიანად ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურები, არამედ თანამშრომლობენ მტერთან და სამწუხაროდ, მათი ეფექტურობა გამოიხატება მხოლოდ იმით, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს დევნიან და რუსეთს უსმენენ, რომელმაც შესაძლოა ნებისმიერ დროს დაგეგმოს ჩვენს ქვეყანაში ტერორისტული აქტი," - აცხადებს საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა.
რაც შეეხებათ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატებს, მათი განმარტებით, ჟურნალისტის მიმართ მსგავსი ტიპის ფაქტები ძალიან მძიმე დანაშაულია.
"ძალიან მნიშვნელოვანი და სწორია, რომ ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურებმა გარკვეული ნაბიჯები დროულად გადადგეს. ჟურნალისტის მიმართ მსგავსი ტიპის ფაქტები, განსაკუთრებით როდესაც ეს მისი სიცოცხლის მოსპობას ეხება, ძალიან მძიმე დანაშაულია. მთავარია, რომ სახელმწიფომ იმ პირების დაცვა მოახერხოს, ვისაც შეიძლება მსგავსი რამ ემუქრებოდეს," - აღნიშნავს დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი.
ასევე დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია კი აცხადებს, რომ საკითხში საერთაშორისო პარტნიორების ჩართვა მნიშვნელოვანი და აუცილებელია.
"ეს იმდენად მნიშვნელოვანი თემაა, რომ აუცილებელია გაკეთდეს საკმარისად გასაგები განმარტება, არამხოლოდ პიროვნების იდენტიფიკაციისა და მისი დაკავების დადასტურების შესახებ, არამედ რა არის ის შესაძლო დანაშაული, რომლის აღკვეთაც ამ პირის დაკავებით მოხდა. ასევე, აუცილებელია ითანამშრომლონ საქართველოს შესაბამისმა სამსახურებმა იმ ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებთან, რომელსაც მეტი ინფორმაცია აქვს ამ თემასთან დაკავშირებით,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.