უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისათვის წარსადგენად კანდიდატთა შემდგომ ეტაპზე გადაყვანის მიზნით კენჭისყრა გაიმართა.
13 კანდიდატიდან შემდეგ ეტაპზე 6 კანდიდატი გადავიდა. საბოლოოდ კი დასახელებული კანდიდატებიდან პარლამენტს 2 პირი უნდა წარედგინოს.
იუსტიციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარები გაკეთდა 7 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადების შესახებაც, რის მიხედვითაც ისინი საბჭოს არამოსამართლე წევრს ანა დოლიძეს მოუწოდებენ, თუ მომავალში პოლიტიკურ საქმიანობას აპირებს, თანამდებობა დატოვოს.
"ანასთან დაკავშირებით, ცხადია, რომ კითხვები ჩნდება. პირველი - მოძრაობა, რომელიც მან დააფუძნა, რა საქმიანობას ეწევა პოლიტიკური თვალსაზრისით, მან სამომავლოდ, შესაძლოა, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.
მეორე - მოძრაობა, რომელიც დააფუძნა ანამ და თავმჯდომარე არის თვითონ, როგორც ჩანს, ფინანსდება, რადგან მოძრაობას ჰყავს აპარატი და შესაბამისი თანამშრომლები," - ამბობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი.
ანა დოლიძე განმარტავს, რომ ის ამ ეტაპზე პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწევა და პოლიტიკურის საქმიანობის დაწყების შემთხვევაში, გადაწყვეტილებას კანონის შესაბამისად მიიღებს.