ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე არასამთავრობო სექტორი საგამოძიებო უწყებისაგან დამატებითი დეტალების გასაჯაროებას ითხოვს.
კოალიციაში "მედიის ადვოკატირებისათვის" მიიჩნევენ, რომ ამ დრომდე გამოქვეყნებული ინფორმაცია საკმარისი არ არის. ასევე განმარტავენ, რომ უცნობია ხელისუფლების ხედვა ჟურნალისტის და მედიასაშუალების დაცვის გარანტიების შესახებ.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე სულხან სალაძე აცხადებს, რომ საქმის დეტალების გაცნობა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რათა მოქალაქეები თავს დაცულად გრძნობდნენ.
"როგორც ჩანს, ხელისუფლებას და მის ორგანოებს ჰქონდათ ინფორმაცია, გარკვეული ზომები იყო გატარებული. კონკრეტულად რა იყო, როდის, ვის მიერ იგეგმებოდა, რა იყო მთელი ამ ინტერესის საგანი, ვფიქრობ, რომ მსგავსი ინფორმაციების მიწოდება საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენ იმიტომაც ვართ სახელწიფო და იმიტომაც ვიხდით გადასახადებს და იმიტომაც არსებობს ამ ქვეყნაში შესაბამისი ორგანოები, რომ სწორედ ამ ტიპის საქმეები შეისწავლონ, გამოიძიონ და მოქალაქეებმა თავი დაცულად იგრძნონ," - აღნიშნა "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ სულხან სალაძემ.
"ღია საზოგადოების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის, ქეთევან ხუციშვილის შეფასებით, საქმე ფაქტობრივად საერთაშორისო ტერორიზმს ეხება.
"თუკი რუსეთის სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირი თბილისში ფაქტობრივად ტერაქტს გეგმავდა, ეს არის უმძიმესი ამბავი და მაშინ ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა გაბედოს და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას. ეს არის ფაქტობრივად საერთაშორისო ტერორიზმი და ასეც უნდა შეფასდეს. ეს იქნება არანაკლებ მძიმე საქმე, ვიდრე ვთქვათ, სკრიპალების საქმე იყო ინგლისში და კიდევ არაერთი სხვადასხვა ქვეყანაში," - განაცხადა "ღია საზოგადოების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორმა ქეთევან ხუციშვილმა.
ჟურნალისტ ოლეგ პანფილოვის თქმით, საფრთხე რეალურია.
"ვფიქრობ, საფრთხე რეალურია, რადგან კადიროვის მხრიდან იყო მუქარა და როცა ის იმუქრება, როგორც წესი, კლავს. ასე იყო ანა პოლიტკოვსკაიას, ნატალია ესტემიროვასა და სხვა უამრავი ადამიანის შემთხვევაში, ვინც ღიად გამოთქვამდა კრიტიკას. ჟურნალისტებისთვის ყველაზე დიდი საფრთხე ტოტალიტარული რეჟიმია, რომელიც ებრძვის თავისუფალ სიტყვას და ამიტომაც კლავს სიმართლის მთქმელ ჟურნალისტებს. მთავარი სამიზნე არიან ის ჟურნალისტები, ვინც სიმართლით აწუხებენ დიქტატორებს," - განაცხადა ჟურნალისტმა ოლეგ პანფილოვმა.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 12 ივნისს თბილისში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.