ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე გამოძიების შედეგებს ელოდებიან დიპლომატები. ისინი, ასევე, იხსენებენ იმ კონკრეტულ შემთხვევებს, როდესაც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის რეჟიმი დაუპირისპირდა მსგავსი მეთოდით ჟურნალისტებს.
"ვფიქრობ, ეს საკითხი უსაფრთხოების სამსახურებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ეხება. ეს მათი პასუხისმგებლობაა, მათ უნდა გაარკვიონ. ჩვენ გვჯერა ჟურნალისტების თავისუფლების და მათი უფლებების, რომ მათ შეუძლიათ თავიანთი საქმის კეთება. გვჯერა, რომ ჟურნალისტები დაცულები იქნებიან, " - აღნიშნა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონმა.
"რა თქმა უნდა, მე გულგატეხილი ვარ, რომ ასეთი რამ ხდება, ან შეიძლება მოხდეს საქართველოში და სადმე სხვაგან. სუვერენულ ქვეყნებში დეზინფორმაცია და მათი არალეგალური დაპყრობა, როგორც საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიის შემთხვევებში იყო, არის რაღაც, რის წინააღმდეგაცაა ყველა ჩვენგანი. ჩვენი ალიანსი ეწინააღმდეგება რუსეთის აგრესიას საქართველოსა და უკრაინაში, რა თქმა უნდა, იგივე პოზიციაზეა აშშ-ც. რაც დაემართა რუსეთის ყოფილ მოქალაქე სკრიპალს გაერთიანებულ სამეფოში, გახდა მწვავე რეაგირების საბაბი მთელი NATO-ს ბლოკისგან. ეს რომ საქართველოში ხდებოდეს, ყველა ჩვენგანი რუსეთის მხრიდან ასეთი საშინელი, დანაშაულებრივი ქმედებების წინააღმდეგი იქნებოდა. ასევე, მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს დეზინფორმაციის კამპანია, რომელსაც საქართველოში, უკრაინაში და ბევრ სხვა ქვეყანაში აწარმოებს," - განაცხადა NATO-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ქეი ბეილი ჰათჩინსონმა.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 12 ივნისს თბილისში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.
პარალელურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ ვასამბეგ ბოკოვის დაკავება შეკვეთით მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოხდა.