ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობის დაგეგმვის საქმეს სახალხო დამცველი "ღამის კურიერის" ეთერში გამოეხმაურა. ნინო ლომჯარიას თქმით, აუცილებელია,რომ საგამოძიებო ორგანომ გიორგი გაბუნიასთან იქონიოს შესაბამისი კომუნიკაცია და მიაწოდოს ინფორმაცია იმ ადამიანს, რომელსაც ამ მასშტაბის საფრთხე ემუქრებოდა:
"ამ ეტაპზე, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ საჯაროდ არა, სულ მცირე გიორგი გაბუნიასთან აუცილებელია, რომ სამართალდამცავმა ორგანომ სათანადო კომუნიკაცია წარმართოს და მიაწოდონ ინფორმაცია, რა დევს გამოძიებაში, ემუქრება თუ არ ამის სიცოცხლეს საფრთხე დღეის მდგომარეობით, იყო თუ არა რეალური საშიშროება აცილებული. ორმაგად საგანგაშოა, რომ ასეთი რამ ემუქრება ჟურნალისტს იმის გამო, რაც მან გააკეთა ჟურნალისტური საქმიანობის პროცესში,"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ომბუდსმენის თქმით, პირველი რიგის ამოცანაა, რომ დაცული იყოს გიორგი გაბუნიას უსაფრთხოება.
ნინო ლომჯარიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გაბუნიას სახელმწიფოსთვის დაცვის გამოყოფის თხოვნით არ მიუმართავს, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს მისი უსაფრთხოების დასაცავად.