ოპოზიციური სპექტრის მიერ თბილისის მაჟორიტარული ოლქების განაწილების საკითხს, ალეკო ელისაშვილი ფეისბუკზე ეხმაურება.
“სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებების დამტკიცებამდე მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა არასერიოზულია. ამასთან, ელისაშვილის თქმით, შეთანხმება არ ყოფილა ოპოზიციის ყველა წარმომადგენელთან, შესაბამისად ის აპირებს დამოუკიდებლად გადაწყვიტოს სად წარადგენს თავის კანდიდატურას:
"მოკლედ, მეგობრებო თბილისის მაჟორიტარებთან დაკავშირებით არ ვიცი ვინ რაზე შეთანხმდა. ჩემი და ჩემი პოლიტიკური გუნდის პოზიცია ასეთია:
1. სანამ პარლამენტს არ დაუმტკიცებია 120/30 პრინციპი, მანამდე თბილისის მაჟორიტარების პრეზენტაცია ძალიან არასერიოზულია. ვინმეს აქვს გარანტია რომ დიმიტრი ხუნდაძე ისევ არ "აჯანყდება" და ისევ ამ ჩააგდებენ ამ საკითხს? ასე რომ ოპოზიცია ძალიან კომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ამდენად სად ჩქარობს ოპოზიცია ვერ ვხვდებით
2. თბილისის მაჟორიტარებზე თუ იქნებოდა შეთანხმება უნდა ყოფილიყო ყველას შეთანხმება და არა ცალკეული პარტიების. ყველა ამ შეთანხმების მონაწილე არაა როგორც ვხედავთ, ასე რომ ჩვენც ვერ ვხედავთ მონაწილეობის აუცილებლობას
3. ჩემ სახელს და გვარს ნურსად ნუ დაასახელებენ. მე თვითონ მივიღებ გადაწყვეტილებას სად დავდგე და სად არა,"- წერს ალეკო ელისაშვილი.
შეგახსენებთ, თბილისის 8 ოლქში კანდიდატების დასახელებას ლეიბორისტების ოფისის მოლაპარაკების ფორმატში მონაწილე ოპოზიცია უახლოეს დღეებში აპირებს. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, კანდიდატები ოპოზიციურ სპექტრში ურთიერთშეთანხმების შედეგად დასახელდება.