18 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
თბილისის მერმა სუს-ს სავარაუდო მძიმე დანაშაულის აღკვეთისთვის მადლობა გადაუხადა

თბილისის მერმა კახა კალაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ დაგეგმილი სავარაუდო მძიმე დანაშაულის აღკვეთისთვის მადლობა გადაუხადა. მან აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს დანაშაული ძალიან მძიმე იქნებოდა ქვეყნისთვის. 

"მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, რომელმაც აღკვეთეს ის სავარაუდო მძიმე დანაშაული, რომელიც ძალიან ცუდი და უმძიმესი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის,"-განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 15 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 12 ივნისს თბილისში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

პარალელურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ ვასამბეგ ბოკოვის დაკავება შეკვეთით მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოხდა.

ექსპერტები და პოლიტიკოსები სავარაუდო დანაშაულის დაგეგმვას იმ მწვავე და კრიტიკულ განცხადებას უკავშირებენ, რომელიც ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მისამართით პირდაპირ ეთერში გააკეთა.

მაშინ ჟურნალისტის განცხადებას რუსეთის დუმისა და თავად ვლადიმერ პუტინის მხრიდან მკვეთრად უარყოფითი განცხადებები მოჰყვა. ამასთან, ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ მუქარის შემცველი განცხადებები გააკეთა. 

გასულ ღამეს კი ჩეჩნეთის ლიდერის მორიგი განცხადება გავრცელდა, რომლითაც ბრალდებას უარყოფს და კვლავ იმუქრება.

"თუ დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, მაშინ ვერავინ, მით უმეტეს, ღრმა უძრაობაში მყოფი თქვენი ქვეყნები ამის შესახებ ვერ გაიგებენ. არ დაგვვიწყებია, როგორ შეურაცხყო მან ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხალხი და ე.ი. პირადად მეც. მან შეურაცხყო მთელი რუსეთი. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები. ვაძლევ რეკომენდაციას, გამოიტანოს სწორი დასკვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიმეორებ, რომ ის დარჩება ჩემს მტრად," - აცხადებს კადიროვი.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გარემოცვის წევრი უკრაინასაც ემუქრება.

"ამ პიარის გამო ჩემთან ვალში ხართ დაიმახსოვრეთ ეს და მოვა დრო, პასუხს მოგთხოვთ,"- ამბობს კადიროვი.

დღის ამბები