ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მორიგ მუქარას პოლიტიკურ სპექტრში აქტიურად ეხმაურებიან. ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მმართველმა გუნდმა საერთაშორისო პარტნიორებს უნდა მიმართონ.
"როცა ხელისუფლება ასეთ აშკარა შემთხვევაში არ აძლევს თავის დროზე, არც ახლა საჯარო რეაქციას კადიროვის პირდაპირ მუქარას ჩვენი მოქალაქის პირდაპირ მკვლელობასთან დაკავშირებით და შურისძიებასთან დაკავშირებით "შეურაცხყოფისთვის" როგორც მან თქვა. ასეთ დროს, როცა დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, საერთაშორისო ასპარეზზეც კი არ ტეხ განგაშს, ეს ზრდის მომავალში მარტო გაბუნიასთვის კი არა, რომლის დაცვაც ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ვალდებულება იქნება, არამედ მომავალში, ყველა ჩვენი მოქალაქისთვის, პოლიტიკოსისთვის, მედიის წარმომადგენლისთვის ზრდის რისკებს, რომ პუტინის რეჟიმი კვლავ წავა ასეთ რისკზე, რომ ტერაქტი ჩაიდინოს ჩვენს ქვეყანაში," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის შეფასებით, ხელისუფლებამ კადიროვს საკადრისი პასუხი უნდა გასცეს.
"ეს არის ტერორისტის განცხადება, რომელიც ტერორისტის ენით ბაქი-ბუქობს, რომ ეს მას რომ დაეგეგმა, კიდევაც შეასრულებდა და კიდევაც შეუსრულებია. ასეთ განცხადებას აკეთებს პუტინის ქვეშემდგომი და ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე კავკასიაში. ღირსების მქონე სახელმწიფო, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ საქართველოს ხელისუფლებას, გასცემდა საკადრის პასუხს," - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ.
პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია გამოძიების საბოლოო შედეგები გახდეს ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 15 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 12 ივნისს თბილისში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.
პარალელურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ ვასამბეგ ბოკოვის დაკავება შეკვეთით მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოხდა.
ექსპერტები და პოლიტიკოსები სავარაუდო დანაშაულის დაგეგმვას იმ მწვავე და კრიტიკულ განცხადებას უკავშირებენ, რომელიც ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შესახებ პირდაპირ ეთერში გააკეთა. მაშინ ჟურნალისტის განცხადებას რუსეთის დუმისა და თავად ვლადიმერ პუტინის მხრიდან მკვეთრად უარყოფითი განცხადებები მოჰყვა. ამასთან, ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ მუქარის შემცველი განცხადებები გააკეთა.
ამასთან, გასულ ღამეს ჩეჩნეთის ლიდერის ახალი განცხადება გავრცელდა, რომელიც ბრალდებას უარყოფს და კვლავ იმუქრება.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გარემოცვის წევრი უკრაინასაც ემუქრება. "ამ პიარის გამო ჩემთან ვალში ხართ, დაიმახსოვრეთ ეს და მოვა დრო, პასუხს მოგთხოვთ,"- ამბობს კადიროვი.