18 ნოემბერი 2024,   06:38
ვრცლად
ეს კითხვა უკრაინის ელჩს არ უნდა დაუსვათ - იგორ დოლგოვი გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ

ცოტა ხნის წინ უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ელჩმა აღნიშნა, რომ საქმესთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს არ ფლობს.

ელჩი დღეს პარლამენტში იმყოფებოდა და "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს მამუკა მდინარაძეს შეხვდა.

"რაც ვიცი, მედიიდან შევიტყვე, ეს კითხვა უკრაინის ელჩს არ უნდა დაუსვათ. ყველას, უკრაინელებს, ქართველებს და სხვებს გვჯერა დემოკრატიული საზოგადოების. ჩვენ ვიცით, რომ დემოკრატიის გასაღები მედიის უფლებების დაცვაა ყველგან, ყველა ქმედება, რომელიც დააზიანებს მედიის აქტივობებს, არ შეესაბამება დემოკრატიის პრინციპებს,"- განაცხადა იგორ დოლგოვმა.

შეგახსენებთ, 2020 წლის 15 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 12 ივნისს თბილისში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საკითხში უკრაინული სპეცსამსახურებიც იყვნენ ჩართულნი. 

პარალელურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ ვასამბეგ ბოკოვის დაკავება შეკვეთით მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოხდა.

ექსპერტები და პოლიტიკოსები სავარაუდო დანაშაულის დაგეგმვას იმ მწვავე და კრიტიკულ განცხადებას უკავშირებენ, რომელიც ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მისამართით პირდაპირ ეთერში გააკეთა.

მაშინ ჟურნალისტის განცხადებას რუსეთის დუმისა და თავად ვლადიმერ პუტინის მხრიდან მკვეთრად უარყოფითი განცხადებები მოჰყვა. ამასთან, ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ მუქარის შემცველი განცხადებები გააკეთა. 

გასულ ღამეს კი ჩეჩნეთის ლიდერის მორიგი განცხადება გავრცელდა, რომლითაც ბრალდებას უარყოფს და კვლავ იმუქრება.​ რამზან კადიროვი უკრაინასაც ემუქრება.

დღის ამბები